1 ნოემბრიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება

შს მინისტრმა ტექნოლოგიური რეფორმის ახალი ეტაპი დააანონსა მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში უმასპინძლა და სამინისტროში მიმდინარე ტექნოლოგიურ რეფორმებზე ისაუბრა. „თანამედროვე მსოფლიო გამოწვევების ფონზე, შს სამინისტრო მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ინოვაციური პროექტების დანერგვა და ტექნოლოგიური რეფორმა, რაც მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

ჩვენი პოლიციის ტექნოლოგიური რეფორმა ახალ ფაზაში გადადის,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში ჟურნალისტებს პრაქტიკულად უჩვენეს თუ როგორ ხდება, უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით, სამართალდარღვევების მონიტორინგი, მათი ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება და ვიდეოჯარიმის გამოწერა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2017 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება.

შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამებით მოხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება. დამრღვევი მძღოლი კი შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდება: • შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა; • ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა; • სიჩქარის გადაჭარბება; • მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება; • მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა. ახალი რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის მიხედვით: • საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით; • თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება; • ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება; • საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge; • საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა; • ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში – ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი; • ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა იზრდება 1 წლამდე. • მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით; აღსანიშნავია, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

წყარო:”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო”

სხვა ვიდეოები