156 მილიონ 761 ათას 600 ლარი – ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. 2019 წლის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 156 მილიონ 761 ათას 600 ლარით განისაზღვრა. ინფრასტრუქტურის მიმართულებით გათვალისწინებულია 66 მილიონ 623 ათას 900 ლარი, რაც გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო სისტემისა და საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების რეაბილიტაციას, მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა-პატრონობას, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვას, მართვასა და ქალაქის კეთილმოწყობას.
ქალაქის დასუფთავების მომსახურების, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, ბიუჯეტში გათვალისწინებულია 13 მილიონ 487 ათას 700 ლარი. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით ბიუჯეტში თანხა განისაზღვრა 29 მილიონ 24 ათას 400 ლარით. რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას, ბიუჯეტით გათვალისწინებულია 16 მილიონ 56 ათას 500 ლარი. ბიუჯეტში არსებული 1 მილიონ 50 ათასი ლარი მოხმარდება ქალაქის ურბანულ განვითარებას, ეკონომიკური პროფილის გაძლიერებასა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას. ხოლო მუნიციპალური სერვისების განვითარებისათვის ქალაქის ბიუჯეტში განსაზღვრულია 2 მილიონ 922 თას 900 ლარი.
ბიუჯეტის პროექტის განხილვის დასაწყისში საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ბათუმის საკრებულოს, თანაგუნდელებსა და ოპოზიციას და აღნიშნა, რომ 2019 წლის ბიუჯეტით უფრო მეტი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი:
„მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას ერთწლიანი თანამშრომლობისათვის. ამ წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სასიკეთო გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბათუმის საკრებულოს მიერ, რაც გვაძლევდა კომფორტული მუშაობის პირობებს. ჩვენი საერთო საზრუნავი არის ჩვენი ქალაქი, რა თქმა უნდა, ყველანი ვმოქმედებთ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე და ვისურვებდი, ყველა მიღებული გადაწყვეტილება და პროექტი ყოფილიყოს ჩვენი ქალაქის კიდევ უფრო გაძლიერებისა და განვითარების საწინდარი“.

სხვა ვიდეოები