2018 წლის ბიუროს პირველი სხდომა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 2018 წლის პირველ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ინიციატორები უმაღლესი საბჭოს წევრები – დავით გაბაიძე, ნინო ჩხეტია, დავით ბაციკაძე) საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. ინიციატივა, რომელიც რეგლამენტის 69-ე და 73-ე მუხლების ცვლილებას ითვალისწინებს და უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შესვენების გამოცხადების წესს აკონკრეტებს, ბიუროს გადაწყვეტილებით, რიგგარეშე სესიაზე გამარტივებული წესით განიხილება.
ნინო ჩხეტიამ ბიუროს ასევე წარუდგინა კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ბიუროს გადაწყვეტილებით, კანონის პროექტის განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივ კომისიებს ვადა 11 იანვრამდე განესაზღვრათ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ბიუროს წევრებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა მოსახლეობის გარკვეული კატეგორიებისათვის კომუნალური ვაუჩერების შემოღების თაობაზე მთავრობასთან კონსულტაციების დაწყების წინადადებით მიმართა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, საკითხზე მუშაობა დაწყებულია და ამდენად, კონსულტაციების ერთიანი ფორმატით გამართვა უფრო მისაღები იქნება.

წყარო:”აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭო”

სხვა ვიდეოები