“მე-5 კლასში 15 თვლიანი ბეჭდით დამნიშნეს” – ხულოელმა წყვილმა თანაცხოვრების 60 წელი აღნიშნა

ხულოში სოფელ ვაშლოვანში მცხოვრებ ცოლ-ქმარს ერთად თანაცხოვრების 60 წელი შეუსრულდათ. ფადიმე ბებო ეხლა 76 წლისაა, გურამ ბაბუ კი 81 წლის. მოხუცები შვილთან, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებთან ერთად ცხოვრობენ, გურამ აბულაძე და ფადიმე აბულაძეს სამი შვილი, რვა შვილიშვილი და შვიდი შვილთაშვილი ჰყავთ.

როგორც ფადიმე ბებო „აიპრესთან“ ყვება გათხოვების შემდეგ იგი ქმრის გვარზე გადავიდა მამის გვარი კი ბოლქვაძეა. ქალბატონი წარმოშობით ხულოს რაიონ სოფელ კორტოხიდანაა თუმცა იგი ქალაქ ბათუმში ცხოვრობდა გათხოვებმდე.

წყვილი “აიპრესს” მათი ოჯახის შექმნის ისტორიასა და ერთად განვლილ სამოც წელზე ესაუბრა, მოხუცების თქმით მართალია ოჯახი ძალიან ადრეულ ასაკში შექმნეს თუმცა ამას სულაც არნანობენ. მათივე თქმით სწორედ ესაა მიზეზი, რომ ისინი ამ ასაკში შვილთაშვილებს მოესწრნენ.

წყვილის დაოჯახება გარიგებით მოხდა. ფადიმე ბებოს თქმით დედამთილს მოეწონა სარძლოდ, მეხუთე კლასში იყო როცა დაინიშნეს და მეშვიდე კლასში გაათხოვეს. მისი მეუღლე კი 17 წლის იყო როცა დაინიშნენ, 19 წლის იყო როცა დაქორწინდნენ.

ფადიმე ბებო „აიპრესთან“ თავის მზითებზე, იმ დროინდელ ტრადიციებსა და გათხოვების ისტორიაზე საუბრობს.

„მეხუთე კლასში დედამთილმა მნახა მოვეწონე და დამნიშნეს, 15 თვლიანი ბეჭედი მომიტანეს მაგრამ იმდენად პატარა ვიყავი ბეჭედი დიდად დამრჩა. ორი წელი დანიშნული ვიყავი, ვიცოდი დანიშნული ვიყავი მაგრამ ვერც კი ვიაზრებდი რა ხდებოდა. ოჯახის შექმნის გააზრება, მისი პასუხისმგებლობა არცკი ვიცოდი.

ქორწილის დღეს მამამთილმა წამომიყვანა ხულოში. მაშინ არ იყო წესი სიძის გოგოს მხარეს მისვლა, არც დანიშნულობის პერიოდში და არც ქორწილის დღეს. მექორწილე გაზიკით ამოვედით ქალაქიდან ხულოში. როცა ოჯახში შემომიყვანეს, დედამთილმა ჩითი დააგო იატაკზე, ტკბილეული გადამაყარა, ცომში ხელი ჩამადებინა, თაფლშიც და შემდეგ ბუხარში გამოვუსვი ხელი, ეს ტრადიცია ძველებიდანაა წამოსული, ცომი ოჯახის გაფუების, გამრავლების სიმბოლოა, ხოლო თაფლი სიტკბოსი.

იმ დროს მზითებს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა, საწოლები, ლოგინები, სკამები ჭურჭელი, წინდები ოჯახის ყველა წევრზე გვქონდა საჩუქრად, ასევე მზითვში მომყვა მზარეულის საოჯახო წიგნიც. სწავლა ძალიან მიყვარდა, წიგნების კითხვა განსაკუთებულად მიყვარდა. ახლა აღარ შემიძლია კითხვა, თვალს დამმაკლდა, თორემ კიდევ ვიკითხავდი. გათხოვების შემდეგ სწავლას თავი გავანებე“

გურამ აბულაძე გვიყვება, რომ არც მას ქონდა გააზრებული ოჯახის პასუხისმგებლობა. მისივე თქმით, ცოლი 17 წლის ასაკში შერთეს მისი ნებართვის გარეშე.

„მე არც მკითხეს ისე გააგზავნეს მაჭანკალი, როცა დაინიშნეს მერე მითხრა მამაჩემმა ცოლი უნდა მოგიყვანოო, მე უარზე ვიყავი რადგან ვიცოდი რომ ამის გამო სკოლიდან გამრიცხავდენ, მაგრამ მაინც მომიყვანეს. სკოლიდან გამრიცხეს, მაგრამ ბევრი თხოვნა მუდარის შემდეგ ისევ დამაბრუნეს სკოლაში. დავამთავრე სკოლა და 41 წელი სხვადასხვა სამსახურშიც ვიმოღვაწევე, მართალია ძალიან ადრე შევქმენი ოჯახი, თუმცა როცა დილით ვიღვიძებ და შვილთშვილებს ვხედავ, ნახევარი სიცოცხლე მემატება“

წყვილმა ერთი შვილი 18 წლის ასაკში დააოჯახა ხოლო დანარჩენები 20 წლის ასაკს გადაცილებულები.

გურამ აბულაძემ მომავალ თაობას რჩევაც მისცა: „ჩემი რჩევა იქნება, არ დაოჯახდენ ადრეულ ასაკში. მართალია მე ბედნიერი ვარ ძალიან, რადგან შვილთაშვილები მომესწრო, თუმცა თქვენ გირჩევთ, ჯერ ისწავლეთ, კარიერა აიწყეთ და შემდეგ შექმენით ოჯახი“
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები