73 წლის ხულოს მკვიდრი: იმედია “შუამთობის” ტრადიცია თაობიდან თაობებს გადაეცემა

კურორტ ბეშუმში სახალხო ზეიმი “შუამთობა” ტრადიციულია და ყოველ წელიწადს ტარდება. სახალხო ზეიმი ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება. ზეიმის ოფიციალური ნაწილი დღეს თორმეტ საათზე დაიწყება. აქ მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ნახონ ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც გამოფენილია სხვადასხვა თემისთვის დამახასიათებელი კერძები და ხელნაკეთი ნივთები,ასევე გაიმართება სპორტული შეჯიბრიც და დოღიც, გაიმართება კონცერტიც. დღეს ღონისძიებაზე იმიტირებული ქორწილიც გაიმართება.

“აიპრესს” შუამთობის მნიშვნელობასა და ისტორიაზე 73 წლის ვალოდია შავაძე ესაუბარა:

“73 წლის ვარ და ყოველ წელიწადს ვესწრები “შუამთობა”-ს, ეს ზეიმი ჩვენთვის, მემთეურებისთვის ორმაგი ზეიმია,

რადგან ჩვენი შვილები და შვილიშვილები ამდღეს გვსტუმრობენ. სამი თვით ამოვდივართ იალაღებზე და სეზონის შუა პერიოდში იმართება ეს ზეიმი სწორედ ამიტომ ეწოდება მას ” შუამთობა”. ძველად არც მანქანა იყო და არც არაფერი, მაგრამ ხალხს იმდენად აინტერესებდა და ხალისობდა ამ დღეს, რომ სხვადასხვა მთებიდან და ხულოდანაც კი ცხენით და ფეხით ამოდიოდენ. ვულოცავ ყველას ამ დღესასწაულს და იმედია ეს ტრადიცია თაობიდან თაობებს გადაეცემა”- განაცხადა “აიპრესთან” ხულოს მკვიდრმა ვალოდია შავაძემ.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები