აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი დაინიშნა

აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლის პოზიციას ტარიელ გიორგაძე დაიკავებს. გიორგაძეს აქვს მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ასევე, ფლობს ამერიკის ეკონომიკური განათლების ნაციონალური საბჭოს დიპლომს. ასევე, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

ტარიელ გიორგაძე კერძო სექტორში მუშაობდა სხვადასხვა ბიზნესის მენეჯერად. ასევე, იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი. 2014-2018 წლებში იკავებდა სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას.

„აჭარის რეგიონი გამოირჩევა ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით მაღალი აქტივობით, მიმდინარეობს და დაგეგმილია საინვესტიციო პროექტები. აქ წარმოდგენილები არიან, როგორც ქართველი ასევე, უცხოელი ინვესტორები. აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლის დანიშვნა ადგილობრივ მთავრობასა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციას კიდევ უფრო გააქტიურებს. ჩვენი რეგიონული შეხვედრების დროს ბიზნესმენები ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად სწორედ ადგილობრივ თვითმართველობასთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციის საკითხს აყენებდნენ და ვფიქრობ ჩვენი წარმომადგენლის დანიშვნა მეწარმეებს დაეხმარებათ ამ საკითხის მოგვარებაში. საჯარო და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის ახალი პლატფორმის მიზანია დავეხმაროთ და მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად აღმოვფხვრათ ყველა ის პრობლემა, რომელიც ბიზნესმენებს კანონიერი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში ექმნებათ. მინდა წარმატებები ვუსურვო ტარიელს ახალ პოზიციაზე“ – თქვა ირაკლი ლექვინაძემ.

imedinews.ge

სხვა ვიდეოები