აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი მიმდინარეობს

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. სოფელ ჩაისუბანში, სადაც ფრინველებზე დასაკვირვებლად სპეციალური პლატფორმაა მოწყობილი სტუმრებისთვის მიღება გაიმართა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რეგიონში გადამფრენი მტაცებელი ფრინველების და ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის მიღწევების შესახებ პრეზენტაციები ჩაატარეს.

ღონისძიებას 25 ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი და ქართველი ორნითოლოგები, მოხალისეები, ტურისტები, გიდები, ასევე კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების, ტურისტულის სააგენტოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტთან ერთად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდა. სტუმრებს საშუალება მიეცათ თავადაც დაკვირვებოდნენ გადამფრენ ფრინველებს. „აჭარის ვიწრო საიმიგრაციო დერეფანში მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი მიგრირებს ყოველწლიურად, რის სანახავადაც რეგიონს მეცნიერები, ტურისტები და მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ.

წელს ჯამში 25 ქვეყნიდან გვეწვია ტურისტები, მათ შორის ბელგიიდან, ჰოლანდიიდან, ინგლისიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან. შესაბამისად, მზარდია ყოველწლიურად აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების მიზნით ჩამოსული ადამიანების სტატისიტიკაც. მაგალითად, გასულ წელს, სოფელ სახალვაშოში არსებულ 20-ზე მეტ საოჯახო-სასტუმრო სახლში 1500-ზე მეტი ღამისთევა დაფიქსირდა. წელს კი ამ მონაცემების გაუმჯობესებას ველოდებით,“ აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. წელს, აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი 24 სექტემბერს, საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნა.

დღეიდან, კი სამი დღის განმავლობაში, ფრინველებზე დაკვირვების კუთხით დაინტერესებული ადამიანებისთვის იგეგმება გასვლითი ექსკურსიები კოლხეთის ეროვნული პარკის, ჭოროხის დელტისა და სახალვაშო-ჩაისუბნის სათვალთვალო პლატფორმების მიმართულებით. ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალში მონაწილეობა უფასოა და გასვლით ექსკურსიებში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში, ან საკონტაქტო ნომერზე +995 977 90 90 91.

წყარო: “Department of Tourism and Resorts of Ajara

სხვა ვიდეოები