აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

8-9 სექტემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას „სოფლის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტები და ტენდენციები“ უმასპინძლებს, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

კონფერენციის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორებიცაა სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები, სოფლის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პროგრამები, ღვინის ტურიზმის სტანდარტები, ასევე ტურისტების მოზიდვა და სოფლის ავთენტურობის შენარჩუნება ინოვაციური სერვისებისა და აქტივობების დანერგვის პარალელურად.

კონფერენციის ფარგლებში იგეგმება პრეზენტაციები, მოხსენებები, სემინარები და დისკუსიები მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ. მოეწყობა გაცნობითი პრაქტიკული ვიზიტები აჭარის რეგიონის ტურისტულ მარშრუტებზე.

კონფერენცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება. მას საოჯახო სასტუმრო სახლების, ტურისტული სააგენტოების, სოფლისა და ეკოტურიზმის დარგის, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები