აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პჯდ ცენტრებს ავტომანქანებს გადასცემს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს მაღალი გამავლობის ავტომანქანებს გადასცემს.

„სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ექვს ავტომანქანას ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ხუთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და ორს ხულოს მუნიციპალიტეტის პჯდ ცენტრები მიიღებენ. სამინისტრომ, 2017 წლის პროგრამის ფარგლებში, ჯამში 13 ავტომანქანა შეიძინა.

პირველად ჯანდაცვის ცენტრებზე ავტომანქანების გადაცემა დღეს, 16:00 საათზე, ბათუმის ცენტრალის ტერიტორიაზე გაიმართება. ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, დეპუტატები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ექიმები დაესწრებიან.

აჭარაში სულ 56 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს, აქედან 43 ცენტრს მაღალი გამავლობის ავტომანქანა 2014-2017 წწ პროგრამის ფარგლებში გადაეცა. სამინისტრო „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამას 2018 წელსაც განახორციელებს და აღნიშნულით დასრულდება რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტოპარკის შევსება.

ჯანდაცვის ცენტრების ტრანსპორტით უზრუნველყოფა ზრდის სოფლის ექიმების მობილობას და გაუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსათვის სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი სამედიცინო  მომსახურების მიწოდება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2014 წელს, სოფლის ექიმების ადგილზე დამაგრების მიზნით აამოქმედა ახალი პროგრამა, რაც მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის სახით 300 ლარის, ხოლო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის 150 ლარის გაცემას ითვალისწინებს. 2018 წლის სამინისტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებს შრომის ანაზღაურებას 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებს 100 ლარით გაუზრდის. დანამატს 110 ექთანი მიიღებს.

“აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები