აჭარის მაუწყებელი უსაფრთხო და ეფექტური მუშაობისთვის ახალ შენობას ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გამართული მუშაობისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მოთხოვნით, არხის დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს წევრები  საქართველოს პრემიერ მინისტრს, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებს ოფიციალური წერილით მიმართავენ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სტატუსის ცვლილების პროცესში მაუწყებელს ქონება არ გადაეცა. ორგანიზაციას  საქმიანობასთან შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ აქვს. ტელევიზია განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ორსართულიან შენობაში. თანამშრომელთა უმეტესობას კი სამუშაო ადგილი არ გააჩნია.

‘’ხოლო არსებული სამუშაო ოთახების დიდი ნაწილი ფანჯრების და სათანადო ვენტილაციის გარეშეა.  თითქმის შეუძლებელია სტუდიური გადაწყობა და მაყურებლისათვის საინტერესო გადაცემების ახალი ფორმატების შექმნა’’ – წერია მიმართვაში.

აღნიშნული პრობლემების შესასწავლად მაუწყებელმა პროფკავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურსაც მიმართა.

‘’შესწავლით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აჭარის ტელევიზიის შენობა არ შეესაბამება უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაოსათვის მინიმალურ სტანდარტსაც კი. პროფკავშირების წარმომადგენელის განმარტებით, პრაქტიკულად არაეფექტურია რეკომენდაციების გაცემაც, რადგან რიგ შემთხვევებში შეუძლებელია სიტუაციის გამოსწორება’’ – ნათქვამია დოკუმენტში.

არხის დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს წევრები მზად არიან  განხილვაში ჩაერთონ, რათა მოკლე ვადებში გადაწყდეს მაუწყებლის თანამშრომლებისთვის ახალი სამუშაო გარემოს (შენობა-ნაგებობა) მოწყობის საკითხი.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები