აჭარის მდინარეებში მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობები დამონტაჟდება

მდინარეების – მეჯინისწყალი, ბარცხანისწყალი, ყოროლისწყალი, ჩაქვისწყალი, დეხვა, აჭყვა და მდინარე კონტრიშის მიერ ჩამოტანილი „საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ზღვისა და სანაპირო ზოლის დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით“ მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობები დამონტაჟდება. დამჭერი მოწყობილობა დამონტაჟდება ახალ ბულვარში ჟილინის არხის შესართავთან.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, დამჭერი მოწყობილობების შეძენისთვის, აჭარის ბიუჯეტიდან 180 776 ლარი გამოეყო. მოწყობილობების შეძენას სამმართველო ტენდერის გარეშე აპირებს.

„ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელება დაკავშირებულია მთელ რიგ პროცედურებთან, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შესყიდვის განხორციელების ვადებს. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმება მიმწოდებელთან შესაძლებელი იქნება დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების შესყიდვა კი, რომლებიც უზრუნველყოფს მდინარეებზე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეკავებას და ზღვისა და სანაპირო ზოლის დაცვას დაბინძურებისაგან, მნიშვნელოვანია განხორციელდეს შეზღუდულ ვადებში [ტურისტული სეზონის პერიოდის დასრულებამდე]“- აცხადებენ სამმართველოში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ერთიდაიგივე შინაარსის [მხოლოდ მდინარის დასახელებებია შეცვლილი] წერილებით, ერთიდაიმავე დღეს – 26 ივლისს, მიმართეს ბათუმის მერმა და ქობულეთის გამგებელმა.

ისინი თავმჯდომარეს დახმარებას თხოვენ: „მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური სამსახურების მიერ აქტიურად ხორციელდება მყარი ნარჩენების შეგროვების და მდინარეების კალაპოტების მიმდებარე ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები, მდინარეების მიერ ჩამოტანილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ზღვისა და მიმდებარე პლაჟების დაბინძურების საკითხი ტურისტულ სეზონზე მაინც აქტუალურია. მოგმართავთ თხოვნით, შესაძლებლობის ფარგლებში გაგვიწიოთ დახმარება პრობლემის მოგვარებაში“.

თუმცა, მუნიციპალიტეტებს [აჭარის მთავრობასაც] შეეძლოთ ბიუჯეტის შედგენის დროს გაეთვალისწინებინათ აღნიშნული საკითხი და სპეციალური მოწყობილობები გაცილებით ადრე, ტენდერის საშუალებით შეესყიდათ და დაემონტაჟებინათ.

ამჯერად, ნარჩენების დამჭერი მოწყობილობის [400 გრძ/მ და ამდენივე მეტრი უჟანგავი ლითონის ბაგირის] შეძენის შემთხვევაში სამმართველო მას მდინარეებზე ორ კვირაში დაამონტაჟებს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ელოდება.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები