აჭარის მთავრობა 40 ოჯახს საცხოვრებელ ბინას უსასყიდლოდ, კერძო საკუთრებაში გადასცემს

სამთავრობო კომისიამ 300 განაცხადიდან წლების მანძილზე დაუკანონებელ ფართში მხოვრები 40 ოჯახი შეარჩია, რომელთა ნაწილი სოციალურად დაუცველია. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ „გოდერძიზე“ აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე განაცხადა. თორნიკე რიჟვაძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, აჭარაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
2019 წლიდან აჭარის მთავრობა გონიოს ხიდის მშენებლობისა და ბათუმის ბულვარის გაგრძელების პროექტის განხორციელდებას იწყებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით აზიის განვითარების ბანკი ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას განახორციელებს, რის შემდეგაც მომზადდება სატენდერო დოკუმენტაცია და მშენებლობა დაიწყება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მყარი ნაჩენების მართვის პროექტის დამატებითი დაფინანსების თაობაზე კონსულტაციები დაიწყო. პროექტის ფარგლებში არსებული არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვა და ბათუმსა და ქობულეთში შესაბამისი ტექნიკის შეძენა განხოციელდება.
მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთის გაძლიერება მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. 2019 წელს აქცენტი მუნიციპალური პროექტების დაფინანსებაზე გაკეთდება. მომდევნო წელს მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი ჯამში 1,5 მლნ ლარით იზრდება. გარდა მუნიციპალიტეტებზე გათვალისწინებული კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერებისა, რომელიც ჯამში 60,0 მილიონ ლარს შეადგენს, სხვადასხვა პროექტი დამატებით დაახლოებით 8 მილიონი ლარით დაფინანსდება, მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.
2019 წელს მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტში გზების კეთილმოწყობისთვის დაახლოებით 9 მლნ ლარი დაიხარჯება. დასრულდება გოდერძის უღელტეხილიდან-მწვანე ტბამდე გზის რეაბილიტაცია. დაგეგმილია, ასევე, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
დაიწყება მუშაობა ბეშუმის განაშენიანებაზე, რისთვისაც 2019 წლის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარი უკვე გათვალისწინებულია. აღნიშნული პროექტი კერძო და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ახალი ტურისტული ადგილების განვითარებას შეუწყობს ხელს.
მთავრობის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის მთავრობის მიერ საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობის მიზნით, რამდენიმე კომპანიისთვის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების საკითხი წარადგინა.
დღვანდელ სხდომაზე საუბარი ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასაც შეეხო. 25 დეკემბრის მონაცემებით, უკვე ექსპორტირებულია (სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსია, ყირგიზეთი, ლატვია, უზბეკეთი, რუსეთი) 25 000 ტონამდე სტანდარტული მანდარინი, რაც გასულ წელთან შედარებით 8000 ტონაზე მეტია. დღეისათვის სხვადასხვა საწარმოებს 8 000 ტონამდე არასტანდარტული მანდარინი აქვთ მიღებული და გადამუშავებული.
მთავრობის სხდომაზე ასევე საქვეუწყებო დაწესებულებების სამინისტროებისთვის დაქვემდებარების საკითხი განიხილეს. დღის წესრიგში სულ 36 საკითხი იყო შესული.

სხვა ვიდეოები