აჭარის მთავრობა გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, 16 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა სარეზერვო ფონდიდან 459,000 ლარს გამოუყოფს. ფინანსურ დახმარებას ჯამში რვა ოჯახი მიიღებს. აღნიშნული თანხა დაზარალებულებს სახლების აღდგენა/მშენებლობისათვის ეძლევათ. საკითხი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისის დღევანდელ სხდომაზე განიხილება. „აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ დაზარალებულთა კომპენსირების საკითხი ოჯახების სრული ჩართულობით განსაზღვრა.

აფეთქების შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი სრულად დაინგრა, ოჯახის წევრები ამჟამად ქირით არიან გაყვანილი. მათ შევთავაზეთ საკუთრებაში ბინების გადაცემა, თუმაცა იმავე ადგილზე სახლების მშენებლობა არჩიეს. მთავრობამ მათი სრურვილი გაითვალისწინა და მშენებლობისთვის საჭირო თანხა კომისიაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გამოეყოფათ, ხარჯთაღრიცხვა ექსპერტთა ჩართულობით მომზადდა“ – აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, რომელიც ამავდროლულად სამთავრობო კომისიას ხელმძღვანელობს. მინისტრის განმარტებით ფინანსურ დახმარებას ის ექვსი ოჯახიც მიიღებს, რომელთა სახლები აღდგენას ექვემდებარება. მათაც თანხა სარეზერვო ფონდიდან ინდივიდუალური ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად გამოეყოფათ. რვა ოჯახისათვის ჯამში 459,000 ლარის გამოყოფა იგეგმება.

გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების დაზიანება თხევადი აირის გაზგასამართი სადგურის აფეთქებამ გამოიწვია.

წყარო: “აჭარის ჯანდაცვის  სამინისტრო”

სხვა ვიდეოები