აჭარის ტელევიზიის მთავარმა იურისტმა ტელევიზიის დირექტორს პროკურატურაში უჩივლა

აჭარის ტელევიზიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ ბოლქვაძე, ტელევიზიის დირექტორს ნათია კაპანაძეს დისკრიმინაციის ბრალდებით პროკურატურაში უჩივის. ამის შესახებ მალხაზ ბოლქვაძემ თავად, ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნათია კაპანაძე მას სრულ იგნორირებას უკეთებდა. მისივე თქმით, დირექტორი მას ხშირად მაღალ ტონში ესაუბრებოდა, რომელიც ხშირად ყვირილში გადადიოდა.

“თავიდანვე ძალიან მძიმედ აეწყო ურთიერთობა დირექტორსა და პირადად ჩემს შორის, მოსვლის დღიდანვე. ეს შემდგომ გამოვლინდა ძალიან ბევრ ფაქტში, რასაც აშკარად დისკრიმინაციული სახე ჰქონდა. ხდებოდა ჩემი სრული იგნორირება. ბოლოს უკვე სატელეფონო ზარებზე აღარ ვპასუხობდი, იმ დონემდე მივიდა მდგომარეობა. იმდენად შეუსაბამო და მაღალ ტონში იყო დირექტორის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიები და უკმაყოფილება, რაც ხშირად გადადიოდა ყვირილში. დიდხანს ვფიქრობდი, ბოლოს იძულებული გავხდი და 20 დღის წინ, 4 აგვისტოს, მე შევიტანე განცხადება დირექტორის წინააღმდეგ, დისკრიმინაციის ბრალდებით მივმართე აჭარის პროკურორს. ჩემი განცხადება მიიღეს წარმოებაში და 18 აგვისტოს განხორციელდა საქმეზე ჩემი გამოკითხვა. მე განცხადებაში მითითებული ფაქტები ჩამოვთვალე, ავხსენი ყველაფერი”, – განაცხადა მალხაზ ბოლქვაძემ.

იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, მან რამდენიმე დღის წინ დირექტორისგან მიიღო წერილი, რომ მის წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური წარმოება. მისი თქმით, დოკუმენტში დირექტორი საფუძვლად დავალებების შეუსრულებლობას უთითებს.

“რამდენიმე დღის წინ მივიღე წერილი დირექტორისგან, რომ დაიწყო დისციპლინური წარმოება ჩემს წინააღმდეგ, შემდგომ მივიღე იმავე შინაარსის წერილი, რომელსაც ხელს აწერს საკადრო განყოფილების ბაზის სპეციალისტი ქალბატონი ნათია ხუნდაძე. დოკუმენტში საფუძვლები რასაც დირექტორი უთითებს ეს არის: დავალებები, რომელიც მე მეძლეოდა დირექტორის მხრიდან და რომელიც ჩემი მხრიდან არ შესრულდა მისი აზრით და საუბარია იმაზე, რომ მე მოვალეობებს არ ვასრულებ, რასაც რა თქმა უნდა არ ვეთანხები”, – განაცხადა მალხაზ ბოლქვაძემ.

იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი მრჩეველთა საბჭოს დროს ასევე იხსენებს ერთ ფაქტს, როდესაც იგი დირექტორისგან შვებულებას ითხოვდა თუმცა დირექტორი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მალხაზ ბოლქვაძის განცხადებით ნათია კაპანაძე მას ავადმყოფობის დროსაც თხოვდა სამსახურში გამოცხადებას.

“ხერხემალი მაწუხებს, ჯანმრთლელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვთხოვე შვებულება, შვებულებაზე მივიღე კატეგორიული უარი და არგუმენტი იყო საკადრო განყოფილების ბაზის უფროსის დეკრეტულ შვებულება, 1 თებერვლიდან 31 აგვისტომდე. მე დამეკისრა საკადრო განყოფილების ბაზის საქმეები, რომელიც ჩემთან შეთანხებული არ ყოფილა, ბრძანების სახით მეცნობა მოგვიანებით. ამის გამო მითხრა კატეგორიული უარი. იმ პერიოდში გავხსენი ბიულეტენი, აპრილში წარმოვადგინე.

მაისის თვეში როდესაც იგი ამერიკაში მივლინებით იქნა წასული, ვისარგებლე ამ მომენტით და მივმართე მოვალეობის შემსრულებელს, რომელმაც დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა. მივიღე შვებულება 1 ივნისიდან 1 ივლისამდე. ამის გამო ძალიან ცუდი საუბარი ქონდა დირექტორს მოვალეობის შემსრულებელთან და კატეგორიულად მოითხოვა ჩემგან, რომ მე მევლო სამსახურში. ამ დროის განმავლობაში როცა მე იურიდიულად მქონდა შვებულება, ყოველ დღე დავდიოდი სამსახურში. ივნისის შუა რიცხვებში მუხლის ნერვის ანთება დამეწყო და გადაადგილება აღარ შემეძლო და მირეკავს ტელეფონზე და ძალიან ხმამაღლა ყვირის, რომ რატომ არ ვარ სამსახურში. ვუხსნი, თუმცა მისგან პასუხი იყო რომ “არ მაინტერესებს, უნდა მოხვიდე”, – განაცხადა მალხაზ ბოლქვაძემ.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები