„Be Active In Georgia“ ბათუმში სპორტულ ღონისძიებებს გეგმავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტს პაატა ცივაძეს, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს კახა ბასილიასა და ეგვიპტის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტს მუხამედ საიდს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები – ნინო ჩხეტია, ვლადიმერ მგალობლიშვილი, გიორგი მანველიძე და ვახტანგ წულაძე ესწრებოდნენ, საუბარი შეეხო პროექტის – „Be Active In Georgia-ს“ ფარგლებში საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებს.

პაატა ცივაძის განცხადებით, სამი დღის წინ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, დავით აღმაშენებლის გამზირიდან სტარტი აიღო გარბენმა სახელწოდებით – „ ირბინე მშვიდობისთვის“, რომელიც საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციისა და საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას, რომლის მიზანი ფიზიკური აქტივობის, სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია წარმოადგენდა, მხარი აქტიურად აუბა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტმა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, ბათუმში, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ საკურორტო ქალაქში, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება „Be Active In Georgia-ს“ ფარგლებში სხვადასხვა, მათ შორის საერთაშორისო დონის სპორტული ღონისძიების ჩატარება, ვინაიდან მსგავსი პროექტები არა მხოლოდ სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, არამედ, აჭარის როგორც ტურისტული რეგიონის პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს.

წყარო: “აჭარის ა.რ უმაღლსი საბჭო”

სხვა ვიდეოები