ახალი სასწავლო წელი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს ბათუმის უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შეიკრიბნენ. წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 1241 პირველკურსელი ჰყავს.

ზურაბ პატარაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა უნივერსიტეტის ყოველწლიურ სიახლეებზე და ხაზი გაუსვა განათლებული ახალი თაობის მნიშვნელობას რეგიონისა და ქვეყნის განვითარების საქმეში. ,,ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, განსაკუთრებით პირველკურსელებს. სასიხარულოა, რომ ბათუმის უნივესიტეტი ყოველ ახალ სასწავლო წელს სულ უფრო მეტი სასიამოვნო სიახლითა და მეტი სტუდენტით ხვდება. ჩემთვის, როგორც აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარისათვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი რეგიონის მთავარი საგანმანათლებლო კერის წინსვლა და წარმატება. თითოეული თქვენგანის შრომისმოყვარეობაზე, განათლების განვითარებისაკენ სწრაფვასა და მაღალკვალიფიციურ, თანამედროვე სწავლებაზე დიდწილადაა დამოკიდებული რეგიონის განვითარება ყველა მიმართულებით“, – აღნიშნა მილოცვისას ზურაბ პატარაძემ.

წელს ბათუმის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლეონიძის ქ.N15-ში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სტუდენტთა საერთო საცხოვრებელის და ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი ცენტრის მშენებლობას იწყებს. ახალი სასწავლო წლისათვის ამოქმედდება უახლესი აპარატურით აღჭურვილი რამდენიმე ლაბორატორია. 2017-2018 სასწავლო წელს ბსუ-ში ჩაირიცხა 1241 პირველკურსელი, რომელთაგან სასწავლო გრანტი 87-მა მიიღო, ხოლო 10 უფასო სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამაზე 423 ახალგაზრდა ისწავლის. ამჟამად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 6 000-მდე სტუდენტი სწავლობს.

წყარო: “ზურაბ პატარაძე”

სხვა ვიდეოები