არაადაპტირებული გარემო ერთიან ეროვნულ გამოცდაზე

ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აბიტურიანტთათვის გარემო არაადაპტირებულია.

უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ამ პრობლემის შესახებ იციან და არაადაპტირებული სივრცის მიზეზი ძველი შენობებია. წელს უნივერსიტეტი რემონტს გეგმავს, რის შედეგადაც სასწავლო გარემო შშმ პირთათვის ადაპტირებული გახდება. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოცდების დასრულების შემდეგ რემონტი დაიწყება, რის შედეგადაც უნივერსიტეტში დამონტაჟდება პანორამული ლიფტები. „რადგან ძველ შენობებს ეს პრობლემა აქვს, უნდა მომზადდეს პროექტი. უნივერსიტეტმა შეუკვეთა პროექტი კომპანიას, რომელმაც შეისწავლა შენობა და მოამზადა პროექტი, როგორ უნდა დამონტაჟდეს ლიფტი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე თომა კაკაბაძე ამბობს, რომ :

„მიუხედავად იმისა, რომ 10 ივნისამდე შევიტანე განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად და მულტიდისციპლინურმა გუნდმაც შეაფასა ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები, დღეს საგამოცდოდ მისულს, მაინც მიუწვდომელი გარემო დამხვდა!

გავაპროტესტე, მოვითხოვე პასუხისმგებელი პირები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი არ არის პასუხისმგებელი და მიპასუხეს: ჩვენ ვერ ვეტყვით უნივერსიტეტს (ბსუ), რომ მისაწვდომობა უზრუნველყოს.

ტელეფონი კიბემდე დამატოვებინეს და ფოტოები ვერ გადავიღე, რომ მეჩვენებინა კიბეებზე აბიტურიენტების თვალწინ როგორ მომიწია უხერხულ პოზაში აჩანჩალება.

ვიცით, რომ უნივერსიტეტის მეორე კორპუსის პირველი სართული შეღწევადია ეტლით მოსარგებლეთათვის. ნუთუ არ შეიძლებოდა აღნიშნულ კორპუსში მოეწყოთ ჩემთვის საგამოცდო სივრცე?!“

სხვა ვიდეოები