აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი საქართველოშია

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი უკვე საქართველოშია. ის თბილისში, მეუღლესთან – კარენ პენსთან ერთად, ესტონეთიდან ჩამოფრინდა, სადაც ოფიციალური შეხვედრები გამართა, ხოლო საქართველოდან მონტენეგროში გაემგზავრება.
აეროპორტში ამერიკის ვიცეპრეზიდენტს დახვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშილი, მეუღლესთან ერთად, საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი.

ეს ამერიკის ვიცეპრეზიდენტის ტურნეა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და სამი შერჩეული ქვეყნიდან მხოლოდ საქართველოა ნატოს არაწევრი სახელმწიფო.

მაიკ პენსი საქართველოში დაესწრება ნატოს ეგიდით მიმდინარე სამხედრო წვრთნებს “ღირსეული პარტნიორი 2017”, რომელშიც ნატოს 5 წევრი და 3 არაწევრი სახელმწიფო მონაწილეობს.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი პირისპირ შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებს.

საქართველოში ვიზიტამდე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, თუ რა გზავნილები აქვს აშშ-ს იმ ქვეყნებისთვის, სადაც აღმოსავლეთ ევროპის ტურნეს ფარგლებში იმოგზაურებს:

“ჩვენი გზავნილი ბალტიის ქვეყნებისადმი, ჩემი გზავნილი საქართველოსა და მონტენეგროსადმი, როცა ჩავალთ ამ ქვეყნებში – იქნება ერთი და იგივე: ჩვენ, მოკავშირეები აქ, აღმოსავლეთ ევროპაში, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, ჩვენ თქვენ გვერდით ვარ თავისუფლებისთვის”.

პენსი საქართველოს 1 აგვისტოს დატოვებს.

სხვა ვიდეოები