აზერბაიჯანის პრეზიდენტის მამიდის ოჯახის ვილა მწვანე კონცხზე

აზერბაიჯანმა 2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 127 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. შესაბამისად, წელს აზერბაიჯანი საქართველოსთვის ნომერ პირველი ინვესტორია. აზერბაიჯანის მოქალაქეები აჭარაშიც არიან წარმოდგენილები – ისინი რეგიონში ეწევიან ბიზნესს და საცხოვრებელ სახლებსაც ყიდულობენ. მაგალითად, მწვანე კონცხზე საცხოვრებელ კომპლექსს იშენებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მამიდას ოჯახი.

ნახიჩევანის გუბერნატორის ოჯახის ინვესტიცია ბათუმში

აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარის თანამდებობას ვასიფ თალიბოვი უკვე 24 წელია იკავებს. ვასიფ თალიბოვის უფროსი ვაჟი – ზრა თალიბოვი კი, როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, 2015 წლიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზეა დანიშნული. აზერბაიჯანული მედიისავე ცნობით, ზრა თალიბოვი ასევე არის ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ თალიბოვების ოჯახი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მამიდის ოჯახია.

ნახიჩევანსა და აჭარას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. ზრა თალიბოვი, ისევე როგორც მამამისი, რამდენჯერმე იმყოფებოდნენ ოფიციალური ვიზიტით აჭარაში.ნახიჩევანის პირველი პირის ოჯახი სხვადასხვა სახის ბიზნესით არის წარმოდგენილი აჭარაში. ამ დროისთვის ვასიფ თალიბოვის ოჯახი ვილას იშენებს მწვანე კონცხზე. კომპლექსის მშენებლობა ზღვის ხედით უკვე დასასრულს უახლოვდება.საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია MAQRO-მ მწვანე კონცხზე 9 019 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში 2016 წლის შემოდგომაზე დაირეგისტრირა. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, მიწა კომპანიას სამმა კერძო პირმა მიჰყიდა. იქედან მოყოლებული MAQRO მწვანე კონცხზე აშენებს სამსართულიან ვილას, რომლის საერთო ფართობი, ოფიციალური მონაცემებით, 900 კვადრატული მეტრია. მთავარი ნაგებობის გვერდით ეზოში შენდება ორსართულიანი დამხმარე ნაგებობაც. მთელ ტერიტორიას ორ რიგად შემოვლებული აქვს გალავანი – გარეთა კედლის სიმაღლე დაახლოებით სამ მეტრს აღწევს, შესაბამისად, როცა მშენებლობა დასრულდება, იმის დანახვა, თუ რა ხდება ამ მიდამოში, გარედან შეუძლებელი იქნება.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია MAQRO, რომელიც კომპლექსს აშენებს მწვანე კონცხზე, 2012 წელს დაუფუძნებია თურქეთის მოქალაქე უჩარ ემინს. ის ასევე ფლობს ამ კომპანიის წილების 100-ვე პროცენტს. შესაბამისად, სადამფუძნებლო დოკუმენტებში არ ჩანს, რომ ეს კომპანია უკავშირდება თალიბოვების ოჯახს.

ჩვენ გვინდოდა მწვანე კონცხის კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით კომპანიაში შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირისთვის შეკითხვები დაგვესვა. ტელეფონის ნომერი, რომელზეც კომპანიის ყოფილ დირექტორს (ის სამი თვის წინ გაათავისუფლეს) დავუკავშირდით, გამორთული იყო. კომპანიაში სხვა თანამდებობის პირებმა კი გვითხრეს, რომ არ არის საჭირო ამ მშენებლობით ჟურნალისტების დაინტერესება, რადგან MAQRO, როგორც აზერბაიჯანული ჯგუფი, კიდევ აპირებს საქართველოში ინვესტიციების შემოტანას.

„მედიის ნებისმიერი დაინტერესება ამ ადამიანებში უნდობლობას გააჩენს, რამაც შეიძლება ქვეყნებს შორის ურთიერთობა დააზარალოს“. შესაბამისად, არ ღირს „ერთი დაჩის გამო“ ამის გაკეთება. ამ პირებმა ასევე დაადასტურეს, რომ მწვანე კონცხზე მშენებარე კომპლექსი სწორედ ზრა თალიბოვის საკუთრებაა.

MAQRO-ს კავშირებზე აზერბაიჯანულ მხარესთან საქართველოს საჯარო სივრცეში ერთი ოფიციალური დოკუმენტი იძებნება – 2012 წლის 6 მარტს უჩარ ემინს სწორედ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნოტარიუსთან  (გვარად აბიშოვიჩი) მოუმზადებია მინდობილობა, ასევე თურქეთის მოქალაქე ოსმან ერტუნგისთვის, „მასზედ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მისი სახელით დააფუძნოს შპს“. მინდობილობის გაცემის ადგილად მითითებულია ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი ნახიჩევანი.

MAQRO, როგორც ინვესტორი, საქართველოში 2013 წლიდან არის წარმოდგენილი.

კომპანია MAQRO-ს ვებგვერდზე „მაქრო ქონსთრაქშენი“ წარმოდგენილია როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი: „კომპანიის პირველი პროექტი აჭარის რეგიონში, 10 000 კვ.მეტრზეა განლაგებული ავეჯის ქარხანა Glorya Forniture, რასაც მოჰყვა ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ი, რომელიც ფრანგული ბრენდის „აკორ გრუპის“ წევრია. მომავალში „მაქრო ქონსთრაქშენი“ პარტნიორ „აკორ გრუპთან“ ერთად თბილისში სასტუმრო Ibis styles-ის მშენებლობას გეგმავს.

„მაქრო ქონსთრაქშენის“ უმსხვილესი პროექტი, 45 მილიონ დოლარად შეფასებული ინვესტიცია საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტია“, რომელიც 2016 წლის მაისში დასრულდა.

„მაქრო ქონსთრაქშენი“ იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას. ეს არის საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასი“ თბილისში, რომელიც მოიცავს 1772 ბინას, ღია და დახურულ სპორტულ დარბაზებს, საცურაო აუზებს, საბავშვო ბაღს, სკოლასა და სავაჭრო ობიექტებს”.

MAQRO-ს საქმიანობა საქართველოში მხოლოდ მშენებლობით არ შემოიფარგლება. ეს კომპანია აწარმოებს ავეჯსაც. მაღაზიები, სადაც MAQRO-ს წარმოებული ავეჯი იყიდება, ბათუმში ცნობილია, როგორც აზერბაიჯანული ავეჯი. ამის შესახებ თავად სავაჭრო ქსელებში, გამყიდველების დონეზეც, ადასტურებენ.

თალიბოვებთან, კონკრეტულად ზრა თალიბოვთან დაკავშირებული კიდევ ერთი ბიზნესის შესახებ ბევრად მეტი ოფიციალური დოკუმენტი არსებობს საქართველოში. ზრა თალიბოვი დამფუძნებელია იმ კომპანიისა, რომელმაც ძველ ბათუმში სასტუმრო „დივანი“ ააშენა.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები