ბათუმელი ქეთი გორდელაძე ჯიფონის კინოფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ბათუმელი ქეთი გორდელაძე იტალიაში გაემგზავრა და ჯიფონის კინოფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. კონკურსში მონაწილე 120 მოსწავლიდან ბათუმელი ქეთი გორდელაძე ერთერთი გამარჯვებულია.

„ჯიფონის კინოფესტივალი იტალიის პატარა ქალაქ ჯიფონში ტარდება ყოველწლიურად, მასში კი 3000 ახალგაზრდა ჟიურის წევრის სტატუსით ხვდება. ფესტივალი მსოფლიო მასშტაბისაა და უამრავ გამაოგნებელ მასტერკლასებს, შოუებს და მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან შეხვედრას გვპირდება, წარმოუდგენელიცაა ამგვარ ფესტივალზე ჟიურის წევრის სტატუსით ყოფნაზე არ ოცნებობდე, როდესაც კინემატოგრაფიაზე ხარ შეყვარებული.

ჩემი მოლოდინებიც უსაზღვროა და ბოლომდე ვერც კი ვაანალიზებ რა ბედნიერება მხვდა წილად. წელს, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და გასაოცარი სანახაობა იქნება ჯიფონის ისტორიაში, რადგან ყველასათვის საყვარელი მსახიობები, როგორებიცაა Amy Adams, Daniel Radcliffe, Bryan Cranston, Kit Harington და სხვები ერთად მოიყრიან თავს და ნებისმიერ ჩვენთაგანს გვექნება შანსი ახლოს გავიცნოთ ისინი და გავიგოთ მეტი მათი განვლილი გზის შესახებ. ველი დაუვიწყარ მასტერკლასებს, რომელიც კინემატოგრაფიაში უფრო ღრმად ჩამახედებს და ველი ახალი სახეების გაცნობას, მათთან დამეგობრებას და გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარებას. ეს კინოფესტივალი დაუვიწყარ გამოცდილებას გვპირდება ყველას და ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩემი მოლოდინები გამართლდება“, – განაცხადა ქეთი გორდელაძემ.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები