ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში ჩემი 9 თვის შვილი უფულობის გამო არ მიიღეს

9 თვის ბავშვის დედა, ნონა გ. ამბობს, რომ წუხელ, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში ტიროდა და ტკივილები მას შემდეგაც არ მოეხსნა, რაც თავისი ექიმის მიერ გამოწერილი წამლები დაალევინეს. „ბავშვი ძალიან წუხდა და ამიტომ გამოვიძახეთ სასწრაფო. სასწრაფოს ექიმმა გვითხრა, რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ და ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანა შემოგვთავაზეს“, – ამბობს 9 თვის ბავშვის დედა.

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში 9 თვის ბიჭი, წუხელ დაახლოებით პირველ საათზე მიიყვანეს, მაგრამ დედის თქმით, ბავშვი საავადმყოფოში არ მიიღეს.

„მიმღებში ქალმა გვითხრა, რომ თუ არ გადავიხდიდით 160 ლარს, ექიმთან ვერ შეგვიყვანდა. მე ფული არ მქონდა. გაზების გამყვანი გაუკეთე და გაუვლის, ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებითო, მითხრა ექთანმა. მტირალა ბავშვი უკან გამომატანეს“, – ამბობს ქალი.

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პრესსამსახურში შემდეგი განმარტეს: „აღნიშნულ პაციენტს ჩვენს კლინიკაში მომსახურეობა არ გაწევია. შესაბამისად, თანხის გადახდის ფაქტიც არ დაფიქსირებულა. გარკვეული გაუგებრობას აქვს ადგილი, რადგანაც შემოსვლის დიაგნოზი საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ფინანსდება“.

ნონა. გ. წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველი იყო. შემდეგ ეს სტატუსი სხვადასხვა გარემოების გამო მოუხსნეს, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი იყო ქორწინება. ის ამბობს, რომ სოციალური თვალსაზრისით მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, გეგმავს სტატუსის აღსადგენად კვლავ მიმართოს შესაბამის სააგენტოს, მაგრამ ამის გაკეთებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც პირადობის მოწმობას აიღებს. ქალის თქმით, მას დაკარგული აქვს პირადობის მოწმობა: „ახალ მოწმობას 35 ლარი უნდა. ჯერჯერობით ეს ფული არ მაქვს“
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები