ბათუმის მერია, საავტომობილო კოლეჯის აშენების პირობით, 4 ჰა მიწას 3,1 მილიონად ყიდის

ბათუმის მერიამ ბათუმში, ხახულისა და გაგარინის ქუჩების კვეთაში მდებარე 1 871 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, გ. ლეონიძის ქ. N29-ში მდებარე 29 327 კვ.მ. და 8 129 კვ.მ. მიწის ნაკვეთები ერთ ლოტად პირობებიან აუქციონზე გაიტანა.

მთლიანობაში 39 327 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 3 მილიონ 167 ათასი ლარია.

ქონების მყიდველი სხვა პირობებთან ერთად, ვალდებული იქნება „საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს ავტორიზებული პროფესიული კოლეჯის საავტომობილო მიმართულებით აშენება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, თეორიული და პრაქტიკული სასწავლო სივრცით“.

ელექტრონული აუქციონის პირობების მიხედვით მიწის მყიდველი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს უნივერსალური სერვის ცენტრის აშენება, სპეცტექნიკის, სამშენებლო ტექნიკის, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით:

მსუბუქი ავტომობილების სარემონტო სერვისი – არანაკლებ 20 სარემონტო პოსტი, აღჭურვილი შესაბამისი სერვის დანადგარებით, განთავსებული არანაკლებ 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;
სატვირთო, სამშენებლო და მიკრო ავტობუსების სარემონტო სერვისი – არანაკლებ 6 სარემონტო პოსტი, აღჭურვილი შესაბამისი სერვის დანადგარებით, განთავსებული არანაკლებ 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე;
სპეცტექნიკის სარემონტო სერვისი – არანაკლებ 3 სარემონტო პოსტი, აღჭურვილი შესაბამისი სერვის დანადგარებით, განთავსებული არანაკლებ 80 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე;
სასაწყობო მეურნეობა – განთავსებული არანაკლებ 1 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე;
შოურუმი – განთავსებული არანაკლებ 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე;
პარკინგი – განთავსებული არანაკლებ 6000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
ქონების შემძენმა:
ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვის ვადაში, უნდა დაიწყოს საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებული შენობა-ნაგებობებისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობა და მშენებლობის დაწყებიდან 20 თვის ვადაში უზრუნველყოს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება-ამოქმედება.
აღნიშნული პროექტის ფარგლეში დაასაქმოს არანაკლებ 150 საქართველოს მოქალაქე;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში კანონდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს პროფესიული კოლეჯის ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტორიზაციის მოპოვება.
ტერიტორია, რომელსაც ბათუმის მერია პირობებიან აუქციონზე ყიდის, ხახულის ქუჩის მიმდებარედ [„ხოფის“ ბოლოში] ლეონიძისა და გაგარინის ქუჩებს შორის მდებარეობს.აუქციონი 29 აგვისტოს დაიწყო და 2017 წლის 12 სექტემბერს დასრულდება.

სხვა ვიდეოები