ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე „ოცნების“ წევრებს სხდომაზე გაჩუმებას აიძულებდა

რეგლამენტი და მადლობა ის სიტყვებია, რომლებიც დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ ყველაზე მეტჯერ გამოიყენა. ორივე სიტყვას ის საკრებულოს იმ წევრის გასაჩუმებლად იყენებდა, რომელმაც საუბარი ან ოპოზიციისთვის პასუხის გაცემის სურვილი გამოხატა. სულიკო თებიძე ძალისხმევას არ ზოგავდა, საკრებულოს წევრებს განსხვავებული პოზიციების გამოთქმის შემდეგ არ ეკამათათ.

„არ შევიდეთ პოლემიკაში“, „ნუ შევალთ პოლემიკაში“ – ამ წინადადებით და ამ მიზეზით მან დღეს საკრებულოს წევრებს „ქართული ოცნებიდან“ და ამ პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეს, ნატალია ზოიძეს, სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა.

მოსაზრებით გამოსასვლელად, მომხსენებლისთვის კითხვის დასასმელად და რეპლიკის გამოხატვის მიზნით რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებები სხდომის თავმჯდომარეს დღეს ოპოზიციამ რამდეჯერმე ხმადაბლა და რამდენჯერმე ხმამაღლაც შეახსენა. მითითებას მხოლოდ დიმიტრი ჭეიშვილი არ დაემორჩილა, მან საკრებულოს ოპოზიციას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დრო შეახსენა.

მიუხედავად თავმჯდომარის მცდელობისა, საკრებულოს წევრებმა ხმას რამდენჯერმე აუწიეს და მსჯელობა ხმამაღალ ყვირილსა და ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებშიც ბევრჯერ გადაიზარდა. პირველად ეს მოხდა მაშინ, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ, საუბარი დაიწყო „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლობითი ხარჯებიდან ოთხი ტონა ბორჯომის შეძენაზე.

„დღეს წარმოდგენილი ბიუჯეტიც ამაზე მიუთითებს, რომ წარმომადგენლობით ხარჯებს ხელისუფლება არასწორად ხარჯავს. დღეს უმრავლესობა ამ ბიუჯეტს ყოველგვარი შენიშვნების გარეშე დაამტკიცებს. ფრაქციების შექმნაც ამაზე მიუთითებს, რომ „ოცნების“ მთავარი ამოსავალია საკუთარ კომფორტზე ზრუნვა… ღირსეული ქვეყანა ღირსეულად უნდა დახვდეს სტუმარს, მაგრამ როდესაც ოთხ ტონა ბორჯომში იხდით თანხას და ქვეყნის მესამე, ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს დევნით მხოლოდ იმიტომ, რომ…“ – ამ დროს მირდატ ქამადაძეს სიტყვა შეაწყვეტინა თავმჯდომარემ და რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლაზე მიუთითა.

მსჯელობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის კიდევ ერთი წევრი, ლევან ანთაძე ჩაერთო:

„პრეზიდენტზე გაგახსენდათ რეგლამენტი ბატონო სულიკო? თუ გაჟრიალებთ“.

„ეტყობა იმ პრეზიდენტზე საუბრობთ, რომელიც, თუ არ ვცდები, მესამე სართულის სახურავზე ღრუბელღრუბელ ჩამალული რომ იყო“, – უპასუხა სულიკო თებიძემ.

„თქვენ რომ სკოლის დირექტორი იყავით, იმ დროინდელზე, ბატონო სულიკო. სახურავზე თქვენ გნახავთ ცოტა ხანში, თუ მასე გააგრძელებთ,“ – უპასუხა ისევ ლევან ანთაძემ.

სულიკო თებიძემ კი, ეს ყველაფერი შეაფასა, როგორც „ბრწყინვალე შოუ.“

ამის შემდეგ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციასთან რამდენჯერმე იკამათა იმაზე, თუ ვის რამდენჯერ აქვს სიტყვით გამოსვლის უფლება. ოპოზიციის ფრაქციის თავმჯდომარემ სულიკო თებიძეს რეგლამენტის წაკითხვა ურჩია. საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ რეგლამენტი კარგად იცის: „ვიცი და ნუ მაყენებთ შეურაცხყოფას“.

ამ ვითარებაში დღეს საკრებულოს სხდომაზე 2018 წლის ბათუმის ბიუჯეტის ჩათვლით 15 მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. არც ერთ საკითხთან მიმართებაში საკრებულოს თავმჯდომარეს საკუთარი მოსაზრება არ დაუფიქსირებია. კრიტიკული მოსაზრებები რომელიმე საკითხზე არც უმრავლესობის სხვა წევრებს გამოუთქვამთ. საკითხების უმრავლესობა დამტკიცდა 17 ხმით ექვსის წინააღმდეგ: მომხრე – „ქართული ოცნების“ უმრავლესობა, წინააღმდეგი – ოპოზიცია.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები