ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები მანტიაში ჩაცმულები მღერიან

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეო კლიპი გავრცელდა, სადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები და აპარატის თანამშრომლები მღერიან. კლიპს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა.

კლიპს სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი იწყებს, რომელიც სხდომათა დარბაზში მანტიით შედის. მოსამართლის მანტიით ჩნდებიან სხვა მოსამართლეებიც და სიმღერას იწყებენ. კლიპში სასამართლოს აპარატის თანამშრომლომლებიც მღერიან. სიმღერის მთავარი გზავნილებია: „ცრემლი არ იქნება“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „საქალაქო სასამართლო – უნდა გაამართლო“. სიმღერაში გარითმულია ფრაზა – საპროცესო გარიგება.

რისთვის ჩაწერეს ვიდეო კლიპი ბათუმის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლებმა და რა დაჯდა მისი მომზადება – ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ საკითხზე ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. სასამართლოს მენეჯერმა, ივერი აბაშიძემ გვითხრა, რომ კლიპი ძველია, როცა ის სასამართლოში არ მუშაობდა. მან ვერ დაგვიკონკრეტა, როდისაა ის გადაღებული. სასამართლოს მენეჯერმა ვერც ის გვითხრა, ვინ მოამზადა კლიპი და რატომ.

ერთ-ერთმა ინფორმირებულმა პირმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ვიდეო კლიპი შიდა ჯგუფისთვის დაახლოებით ერთი წლის წინ იმ პირობით მოამზადეს, რომ არ გასაჯაროვდებოდა და დღეს „ფეისბუქში“ მისი დადება მოულოდნელი იყო. ამ პირის ინფორმაციით, კლიპის მომზადებისთვის ცალკე ფინანსური რესურსი არ დახარჯულა. „ჩვენით გადავიღეთ და დავამონტაჟეთ, მეტი არაფერი“,  – ამბობს ის.

კლიპში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12 მოსამართლიდან 4 არ ჩანს: ჯუმბერ ბეჟანიძე, ირაკლი შავაძე, ლევან გელოვანი და ლაშა თავართქილაძე.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები