ბათუმის თოჯინების თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ეყოლება

ბათუმის თოჯინების და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ეყოლება. სარეკომენდაციო საბჭომ ამ პოზიციაზე დასამტკიცებლად  გიორგი ჩხაიძის კანდიდატურა წარუდგინა აჭარის განათლების მინისტრს.

სარეკომენდაციო საბჭო აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის, ინგა შამილიშვილის ბრძანებით შეიქმნა და იგი დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდა. საბჭომ თოჯინების თეატრის გარდა, ხულოს დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურაც შეარჩია. მინისტრს შეუძლია წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცოს, ან რეკომენდაცია არ გაითვალისწინოს და კონკურსში მონაწილე რომელიმე სხვა კანდიდატზე გააკეთოს არჩევანი.

ხულოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში 2 ადამიანი მონაწილეობდა. სარეკომენდაციო საბჭომ დღემდე ამავე თეატრში მომუშავე სამხატვრო ხელმძღვანელს – როინ სურმანიძეს მიანიჭა უპირატესობა.

ბათუმის თოჯინების თეატრის შემთხვევაში კი, კონკურსში სამი პირი მონაწილეობდა. სარეკომენდაციო საბჭომ გიორგი ჩხაიძის კანდიდატურა მოიწონა. მას თოჯინების თეატრში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. გიორგი ჩხაიძე ბათუმის ექსპერიმენტული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.

„არ გვინდა, რომ ეს თეატრი იყოს მხოლოდ თოჯინების. სახელწოდებაშიც ფიგურირებს მოზარდები. შესაბამისად, ჩემი მიზანი იქნება რეპერტუარის განახლება და ახალგაზრდების მეტად დაინტერესება. გვინდა, რომ ეს თეატრი ახალგაზრდობის ერთგვარ ცენტრად იქცეს,“ – უთხრა გიორგი ჩხაიძემ „ბათუმელებს“.

აქამდე ბათუმის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ზურაბ ცინცაძე მუშაობდა. სამხატვრო ხელმძღვანელი 4 წლით ინიშნება.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები