ბათუმში 13 კორპუსს ლითონის ფურცლებით შეფუთავენ

„ბათუმის კორპუსი “ 13 საცხოვრებელ სახლზე ლითონის ფურცლების შემოკვრას გეგმავს.

„ბათუმის კორპუსის“ ხელმძღვანელის, ზურაბ ნაკაიძის თქმით, საცხოვრებელი სახლები, რომლებსაც ლითონის ფურცლებით შეფუთავენ, გენერალ აბაშიძის, ინასარიძის ქუჩაზე, ლერმონტოვის 102-ში და ჯავახიშვილის 6-ს ნომერში დგას. კორპუსები შეიფუთება ფიროსმანისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩებზეც.

„ადრე ამ სახლებს გარედან შემოკრული ჰქონდა ე.წ. შიფერი, რომელიც დალპა, ცვივა და ავარიულია. ამიტომ აუცილებელია მისი შეცვლა. ახლა კი ამ სახლებზე ნაცრისფერი ლითონის ფურცლები აიკვრება.

ჩვენ წლის დასაწყისში მოვითხოვეთ დაფინანსება ამისთვის, მაგრამ მაშინ ბიუჯეტში არ იყო თანხა და ცოტა ხნის წინ, საბიუჯეტო ცვლილებების დროს მოგვცეს დაფინანსება“-გვეუბნება ზურაბ ნაკაიძე.

13 საცხოვრებელ კორპუსზე ლითონის პროფილური ფურცლების აკვრისთვის ბიუჯეტიდან 136, 400 ლარი დაიხარჯება.

ზურაბ ნაკაიძის თქმით, ტენდერი გამოცხადებულია და შედეგები 27 ივლისს გახდება ცნობილი.

საცხოვრებელ სახლებზე ლითონის ფურცლების აკვრა მოსახლეობის განცხადებების საფუძველზე დაიწყო. პროგრამა იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუკი მოსახლეობისგან მსგავსი მოთხოვნა ისევ იქნება.
“ბათუმელები’

სხვა ვიდეოები