ბათუმში ახალი შუქნიშნებისთვის 1,3 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, 8 ადგილზე, მათ შორის გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში, ახალი შუქნიშნები და საგზაო ნიშნები მოეწყობა. შესაბამის შესყიდვას ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო განახორციელებს. სააგენტომ, რომელიც მუნიციპალური ორგანიზაციაა, ტენდერი უკვე გამოაცხადა, საწყისი ღირებულებით – 1 375 690 ლარი.

ახალი შუქნიშნები ბათუმში დამონტაჟდება შემდეგ ადგილებში:

პუშკინისა და დ. თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე;
პუშკინისა და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაზე;
პუშკინისა და მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე;
ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე;
ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაზე;
გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე;
ბაგრატიონისა და შავშეთის ქუჩების გადაკვეთაზე;
აეროპორტის გზატკეცილზე [ანგისის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე].
ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის მიწოდება – მონტაჟი, პროგრამული გამართვა, მართვის ცენტრთან მიერთება, ტრენინგის ჩატარება და საექსპერტო დასკვნის წარდგენა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე. ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 1-ელ აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტოს დასრულდება.

შესყიდვის ობიექტზე საგარანტიო პერიოდია მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან არანაკლებ 2 წელი.

მიმწოდებელი ვალდებულია საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში წარმოშობილი ხარვეზები გამოასწოროს და უზრუნველყოს მწყობრიდან გამოსული შესყიდვის ობიექტის შეკეთება ან ახლით შეცვლა შემსყიდველის მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში [დაუყოვნებლივ], შემსყიდველის დამატებითი დანახარჯების გარეშე.

“ბათულელები”

სხვა ვიდეოები