ბათუმში, ე.წ. “ლუჟკოვისა” და “მაგნოლიას” დაუსრულებელი საცხოვრებლების ნაცვლად ცათამბჯენების აგება იგეგმება

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ე.წ. ლუჟკოვის სახლის ნაცვლად სამი 45 და 50 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. “ალიანს სიტი” პროექტის განსახორციელებლად მერიისგან ითხოვს საცხოვრებელი ზონის სტატუსის შეცვლას საზოგადოებრივი საქმიანი ზონით, გარდა ამისა მას ამ მასშტაბის ნაგებობებისთვის სჭირდება k 2 კოეფიციენტის გაზტდა 4-დან თხუთმეტამდე.

სანაპირო ზოლში ცათამბჯენების მატებას კრიტიკა მოჰყვა არასამთავრობო სექტორის მხრიდან. მათი განმარტებით k 2 კოეფიციენტის შეცვლა, ინვესტორის სურვილის გათვალისწინებით, სხვებსაც წაახალისებს კანონის მორგებისკენ, კიდევ ერთხელ დაირღვევა ბათუმის განაშენიანების გეგმა, ქალაქი კი სანაპირო ზოლისგან კიდევ უფრო იზოლირებული გახდება.

საკითხის საჯარო განხილვა დღეს ბათუმის მერიის შენობაში მოეწყო. შეხვედრაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ე.წ ლუჟკოვის სახლის შემდეგ კომპანია “ალიანს სიტი” ცენტრ პოინტის მიერ აგებულ საცხოვრებელ კომპლექს “თეთრი მაგნოლიის” დანგევას და ახალი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ თეთრი მაგნოლიის აღების გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში მოქალაქეების პოზიციების გაცნობის შემდეგ მიიღეს, მოქალაქეები საცხოვრებელ კომპლექსს მოიხსენიებენ, როგორც ყველაზე დიდ სიმახინჯეს.

“გავეცანით საზოგადოების რეაქციას სოციალურ ქსელში, რომლებიც მაგნოლიაზე წერდნენ, და მის ნაცვლადაც ახალი არქიტექტურული პროექტის განხორციელებაზე ვფიქრობთ, როგორც ბიზნესკომპანია” – თქვა შეხვედრაზე კომპანიის არქიტექტორმა მალხაზ ქათამაძემ.

“თეთრი მაგნოლიის” მშენებლობა 2011 წელს დასრულდა, თუმცა ამ დრომდე მერიას საცხოვრეველი კორპუსი ექსპლუატაციაში არ მიუღია. კომპლექსი ნახევრად ცარიელია, გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო ბინადრებმა არაერთხელ მოაწყეს საპროტესტო აქცია.

სხვა ვიდეოები