ბათუმში რეიდები მიმდინარეობს – შენობაში მოწევის ფაქტები გახშირდა

ბათუმში, დახურულ სივრცეებში სიგარეტის მოწევის გამო, ბოლო ორ დღეში ოთხი ობიექტი დაჯარიმდა. დამრღვევებს შორის ერთი რესტორანი, ერთი კაფე-ბარი, ორი ტოტალიზატორი და კაზინოა. ათობით ობიექტის მეპატრონე კი ჯერ გააფრთხილეს, რადგან დარღვევის პირველი შემთხვევა იყო

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, ბათუმის ”საზანდარში” სტუმრები საერთო დარბაზის განცალკევებულ სივრცეში ეწეოდნენ, რაც კანონით აკრძალულია და ადმინისტრაცია 500 ლარით დაჯარიმდა.

იგივე თანხის გადახდა მოუწევს ”ფლამინგოს” ხელმძღვანელებსაც, რადგან მომხმარებლებს ჩილიმისადა სიგარეტის მოწევის საშუალება მისცეს დახურულ სივრცეში.

ზამთრის სეზონზე შენობაში მოწევის ფაქტები ტოტალიზატორებში გახშირდა. რეიდის დროს აღმოჩნდა, რომ ”როიალ სლოტში” შესული მოქალაქეები სიგარეტს უპრობლემოდ ეწეოდნენ. ტოტალიზატორი 500 ლარით დაჯარიმდა, ორმაგი თანხის გადახდა მოუწევს ”კრისტალ ბეთს”,  რომელიც წელს ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული.

საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, ბათუმშიც აღმოაჩინეს რესტორნები, რომლებსაც ღია ვერანდები აქვთ, ზამთარში ადმინისტრაცია სივრცეს ცელოფნის ჟალუზებით ან მექანიკური მინებით ნაწილობრივ კეტავს და გარე გამათბობლებს ამონტაჟებს. მონიტორინგის სამსახური წარმომადგენლების ინფორმაციით, ზოგიერთ მათგანში მაინც ღია სივრცის პრინციპით მოქმედებენ და სტუმრები სიგარეტსა და ჩილიმს ეწევიან.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლების თქმით, გახშირდა შემთხვევები, როდესაც  ​კაფეებსა და რესტორნებში,  სილამაზის სალონებსა და სამედიცინო დაწესებულებებში ამკრძალავი ნიშნები გამოკრული აღარ არის. ყველა მათგანი მაკონტროლებლებმა ამ ეტაპზე გააფრთხილა.

​”სპეციალური რეიდები ტარდება ყველა რეგიონში. ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით, დარღვევებმა და შენობაში მოწევის ფაქტებმა რომ არ მოიმატოს, ამიტომ ​ვამოწმებთ. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ შენობებსა და სამედიცინო დაწესებულებებში სტაბილურად არის დარღვევის ფაქტები. ამ ობიექტებში, კანონს ზაფხულშიც არღვევდნენ  და ახლაც. ​ სამასპინძლო სექტორში იყო ძალიან კარგი სურათი რამდენიმე თვის წინ, როდესაც კანონი ახალი ამოქმედებული იყო. ზამთარია, აცივდა და ალბათ ხალხს ეზარება გარეთ მოსაწევად გასვლა. ზოგიერთმა დაწესებულებამ კანონდაღვევაზე თვალის დახუჭვა დაიწყო” – ამბობს გიორგი მაღრაძე.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის წევრებმა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ მძიმე მდგომარეობაა ​სავაჭრო ობიექტებში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოვაჭრეს ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილება უნდა ჰქონდეს გამოკრული, ძალიან ბევრი ამას არ აკეთებს. ასევე აკრძალულია სარეკლამო ბანერები, რომელიც ასევე მრავლადაა ბაზრობაზე.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი რამდენიმე თვის წინ გამკაცრდა. დახურულ სივრცეში მოწევა სრულად აიკრძალა.

http://ajaratv.ge/

სხვა ვიდეოები