ბათუმში სახურავის კონსტრუქციის დაცემის შედეგად დაშავებული ერთი-ერთი მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა გაყვანილი

ბათუმში სახურავის კონსტრუქციის დაცემის შედეგად დაშავებული ერთი-ერთი მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა გაყვანილი. პაციენტი მერიის თანამშრომელია და ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ონკოლოგიურ საავადმყოფოში თავის ტრამვით გადაიყვანა.

 მედიკოსების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია და იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევის დროს დაშავებული მეორე მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი გულმკერდის ტრამვით რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. შემთხვევის დროს ასევე მსუბუქად დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ოპერატორი. მას ამ წუთებში კლინიკაში გამოკვლევები უტარდება.
“შემთხვევის დროს დაზარალდა 2 მოქალაქე, რომლებიც კლინიკებში არიან გადაყვანილნი. 53 წლის მამაკაცს პოლიტრავმით, რომელიც იმყოფება ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში, ჩაუტარდა როგორც ექოსკოპიური, ასევე ტომოგრაფიული კვლევები. იგი გადაყვანილია ემერჯენსში მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვის მიზნით. მისი მდგომარეობა საშუალოდ რთულია. მეორე პაციენტს, რომელიც გადაყვანილია ონკოლოგიურ ცენტრში, აქვს თავის ტვინის დახურული ტრავმა, ჩაუტარდა პირველადი კვლევა და გადაყვანილია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც მიმდინარეობს დამატებითი კვლევები და მკურნალობა. ამ პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.
 ძლიერი ქარის გამო, ბათუმის სამაშველო სამსახურში ამ დროისთვის 22 გამოძახებაა დაფიქსირებული. გამოძახებები ძირითადად საცხოვრებელი სახლების სახურავების დაზიანებას და ხეების წაქცევას უკავშირდებოდა. ჭავჭავაძის ქუჩაზე, 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. შემთხვევის შედეგად 3 ადამინი დაშავადა, რამდენიმე ავტომობილი კი დაზიანდა.

სხვა ვიდეოები