ბათუმში თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აშენდება

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აშენდება. სტუდენტური საცხოვრებლის შენობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, რეგიონის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. „გუშინ, ქობულეთში, დაიწყო ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა, რომელიც ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი უნიკალურია. დღეს უკვე საფუძველს ვუყრით თანამედროვე სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობას, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია განათლების განვითარების საქმეში. მინდა ვთქვა განსაკუთრებით იმ ადამინების გასაგონად, რომლებიც ვერ ხედავენ აღმშენებლობით პროცესებს ჩვენს რეგიონში-ჩვენი პრიორიტეტი არის ახალგაზრდა, განთლებული თაობა. მიხარია, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი შემდეგ სასწავლო წელს ახალი, თანამედროვე სტანდარტების სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით შეხვდება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ” – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

საერთო საცხოვრებლელი 150 სტუდენტზე იქნება გათვლილი. მშენებლობა 2018 წლის ზაფხულში დასრულდება. საცხოვრებლის შენობის მიწისზედა სამ სართულზე განთავსდება როგორც საქმიანი ნაწილი – დაცვის ოთახი, ადმინისტრაცია, სამრეცხაო საშრობი ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, ასევე საცხოვრებლის ბლოკები: ძირითადი, 5 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპით, რომელსაც გააჩნია თავისი სველი წერტილი და სამზარეულო. აგრეთვე, შშმ პირებისთვის ადაპტირებული 3 ბლოკი თითოეულ სართულზე. შენობაში განთავსდება ლიფტი შშმ პირებისთვის. მშენებლობისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარია გამოყოფილი.

2018 წლის გაზაფხულზე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე საუნივერსიტეტო სპორტული კომპლექსისა და სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყება.

წყარო:”Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძე”

სხვა ვიდეოები