ბათუმში ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

 ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

“გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის დეკემბერში, დანაშაულში მხილებულმა პირებმა ქალაქ ბათუმში  მდებარე სავალუტო ჯიხურებში 7 000 ევროს ოდენობის ყალბი 500 ევროიანი კუპიურები გაასაღეს. ბრალდებულების დაკავებისას, დამატებით ამოღებულია 6 000 ევროს ოდენობის ყალბი ფული.

საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან  10 წლამდე ვადით”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვა ვიდეოები