ბეჟან შამანაძე: „ყველა არჩევნების წინ სამუფთოს წარმომადგენლები პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას ითხოვდნენ’’

დანისპარაულის მოსახლეობა სამუფთოს საარჩევნო აგიტაციაში ადანაშაულებს.  ბეჟან შამანაძე ყვება, რომ ბოლო წლებში, არჩევნების წინ სამუფთოს წარმომადგენლები მორწმუნე მრევლისგან, ამა თუ იმ პარტიის მხარდაჭერას ითხოვდნენ. „მოდიან და ქადაგებენ, თუ რომელ პოლიტიკურ ჯგუფს უნდა დავუჭიროთ მხარი, თუ დარღვევა იყო აქამდე რატომ ხდებოდა. იმამ ამირან პაპიძისთვისუფლებამოსილება არ უნდა შეეჩერებინათ“ – ამბობს ბეჟან შამანაძე.

მოსახლეობა დღეს ხულოს მუფთს ესაუბრა. შეხვედრაზე ითქვა, რომ პაპიძის წასვლის შემთხვევაში  სოფელი გაქრისტიანებას დაიწყებს. „თუ ეს იმამი არ გვეყოლება მოსახლეობა  რელიგიას შეიცვლის.  ეს კი სამუფთოს პასუხისმგებლობა იქნება“ – თქვა დანისპარაულის მკვიდრმა.

ხულოს მუფთმა კი განმარტა, რომ მას მრევლისთვის მსგავსი თხოვნით არასდროს  მიუმართავს.  „ პარტიული კუთხით არასდროს მიქადაგია, მსგავსი თხოვნებით კი არ მოვსულვარ, სხვაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ“ – განაცხადა ასლან აბაშიძემ.

რაც შეეხება რელიგიის შეცვლის საკითხს, მუფთი ამბობს, რომ ამ კუთხით თავისუფლებაა და არჩევანი მოსახლეობის გასაკეთებელია.

ხულოში, დანისპარაულის მეჩეთში პარასკევის ლოცვა არ ჩატარდა, ამ ფორმით მრევლმა დანისპარაულის იმამის ამირან პაპიძის გათავისუფლება გააპროტესტა. ადგილობრივებმა საშუალება არ მისცეს დიდაჭარიდან გადმოსულ სასულიერო პირს ლოცვა ჩაეტარებინა.

ანისპარაულის იმამს უფლებამოსილება საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ გუშინ შეუჩერა, მიზეზად კი იმამის პოლიტიკაში წასვლა დაასახელა.

იმამი ამირან პაპიძე ხულოს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატია დანისპარაულიდან, იგი ოპოზიციურმა პარტიამ “ევროპულმა საქართველომ” წარადგინა. პაპიძე აცხადებს, რომ მუფთმაპოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ის ოპოზიციური პარტიის კანდიდატია.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები