ბსუ ბათუმში ახალ სასწავლო კორპუსს 2,9 მილიონ ლარად ააშენებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] ბათუმში, ლეონიძის ქუჩა N15-ში ახალ სასწავლო კორპუსს ააშენებს. სამშენებლო სამუშაოებს, რისთვისაც 2 მილიონ 957 ათასი ლარია გამოყოფილი, ბსუ ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. მშენებლობა 2018 წლის 21 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. საპროექტო ტერიტორია კი 65 982 კვ/მ-ია.

არსებული პროექტის მიხედვით, ახალი სასწავლო კორპუსი სამსართულიანი იქნება; შენობის ძირითადი სტრუქტურული სისტემა წარმოადგენს რკინა-ბეტონის კარკასულ შენობას; მასში 27 აუდიტორია, კაბინეტები და საკონფერენციო დარბაზი განთავსდება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე, რომელშიც გათვალისწინებულია პანდუსი, სველი წერტილები, ლიფტი.

ტენდერში წინადადებების მიღება 17 იანვარს დაიწყება და 22 იანვარს დასრულდება.

ბსუ ბათუმში, ლეონიძის 15-ში, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელსაც აშენებს, რისთვისაც ხელშკრულება შპს ვექტორთან 2 359 000 ლარზეა გაფორმებული; ბსუ-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი კონკრეტულად რომელი ფაკულტეტები განთავსდება ახალ კორპუსში. ლეონიძის 15-ში საუნივერსიტეტო კომპლექსი იქნება.

ქობულეთში კი, კაიკაციშვილის ქუჩის №1-ის მიმდებარედ, ბსუ-ს კვლევითი ინსტიტუტის შენობა აშენდება.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები