ბსუ მეორად მიკროავტობუსს და ჰიბრიდულ ავტომობილს ყიდულობს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] მეორად მიკროავტობუსს და სედანის ტიპის [ჰიბრიდი] ასევე მეორად ავტომობილს შეიძენს. ბსუ-ს ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად ერთიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული თანხით – 75 ათასი ლარი, თუმცა მონაწილეობა არავინ მიიღო. არშემდგარი ტენდერის შემდეგ კი, უნივერსიტეტმა მიკროავტობუსისა და ავტომობილის ცალ-ცალკე შესაძენად გამოაცხადა ტენდერები. ამ შემთხვევაში საერთო სატენდერო თანხა 5 ათასი ლარითაა გაზრდილი და ჯამში 80 ათასი ლარია.

ქარხნულად დამზადებული მეორადი სამგზავრო მიკროავტობუსის შესაძენად უნივერსიტეტს საკუთარი შემოსავლებიდან 55 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ავტობუსში დასაჯდომი ადგილების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 21, მძღოლის ადგილის ჩათვლით; მიკროავტობუსის გამოშვების წელი კი – 2011 და ზევით. მიკროავტობუსი უნივერსიტეტს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღეში უნდა ჩაბარდეს.

ბსუ-ს ერთი ერთეული სედანის ტიპის [ჰიბრიდი] მეორადი ავტომობილის შესაძენად კი 25 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. გამოშვების წელი ამ შემთხვევაშიც არის – 2011 და ზევით და ასევე 15 დღეში უნდა ჩაბარდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან.

ორთავე ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 13 ნოემბერს დასრულდება. ერთიანი ტენდერი კი, რომელიც არ შედგა, ბსუ-ს ოქტომბერში ჰქონდა გამოცხადებული.

წყარო: გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები