ბსუ-ში საათობრივი ანაზღაურების წესი შესაძლოა შეიცვალოს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში [ბსუ] მომავალი სასწავლო წლიდან შესაძლოა საათობრივი ანაზღაურების წესი შეიცვალოს. ამის საფუძველი სახელმწიფო აუდიტის მიერ მომზადებული ანგარიში გახდა, სადაც აღნიშნულია, რომ აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის მიერ ბსუ-ში შეუსრულებელია წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული საათობრივი დატვირთვა – 3 151 საათი. აუდიტმა ბსუ-ს გასული წლის შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა.

„უნივერსიტეტის საბუღალტრო ჩანაწერებში წარმოდგენილი დოკუმენტებითა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოს მიხედვით ირკვევა, რომ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით 2016-2017 სასწავლო წლისათვის აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალისათვის დამტკიცებული აკადემიური დატვირთვებიდან, 12 128 საათის ნაცვლად, ფაქტობრივი შესრულება შეადგენს 8 977 საათს, 3 151 საათით ნაკლებს,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

„აუდიტის დასკვნა, – რომ შეუსრულებელია 3 151 საათი, არ ნიშნავს, რომ ეს საათები არ ჩატარებულა,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯემალ ანანიძემ. – „ლექტორი, რომელიც ატარებს ლექციას, შემდეგ ავსებს ფორმას, რომ ჩავატარე ამდენი საათი და გთხოვთ ამინაზღაუროთ. ზოგჯერ გამორჩებათ და შემდეგ ავსებენ, ზოგჯერ შეგნებულად ავსებენ გვიან, რადგან გვიან უნდათ ხელფასი, ზოგჯერ ერთიანად უნდათ – ასეთი პრაქტიკა დამხვდა აქ.

სასწავლო წელი მთავრდება ივლისში, საბიუჯეტო წელი – დეკემბერში. რექტორმა დაამტკიცა, ვთქვათ, 100 საათი, თუმცა ლექტორმა დეკემბერში წარმოადგინა შესრულება 80 საათის, მაგრამ იმ 20 საათის, ვთქვათ, სექტემბერში ჩატარებულის, წარმოადგინა მაგალითად, იანვარში და შემდეგ აიღო ხელფასი. ასეთი პრაქტიკა არის. ეს შეგროვდა ჯამში და დადო აუდიტმაც. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ ჩატარებულა ამდენი საათი“, – განმარტავს ჯემალ ანანიძე.

ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ლექციებს კითხულობენ აკადემიური და მოწვეული სპეციალისტები. შტატში მყოფ აკადემიურ პერსონალს განსაზღვრული აქვს საათების რაოდენობა და ეძლევა ხელფასი ყოველთვიურად, თუმცა, მას შეუძლია დამატებითაც აიღოს საათები, რაც სხვა წესით, საათობრივად უნაზღაურდება.

„ამიტომ, არაერთი მაგალითია „გამომრჩა“, „დამავიწყდა“, „ვერ გამოვიწერე“ და რაღაც დროის შემდეგ ხდება ანაზღაურება. დღეს არსებული წესით, ლექტორი თავად ადგენს დოკუმენტს, თუ რამდენი საათი ჩაატარა და წარუდგენს შესაბამის სამსახურს ანაზღაურების მისაღებად. პროფესორმა თუ არ შეადგინა, არავინ მას ამ დოკუმენტს არ შეუდგენს,“ – ამბობს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

კითხვაზე, რამდენად კონტროლდება რამდენი საათი ჩაატარა ლექტორ-მასწავლებელმა და რამდენი გამოიწერა? – ჯემალ ანანიძე ამბობს, რომ საბოლოო დოკუმენტი ხუთი ხელმოწერით დგება: „ხელს აწერს თავად ლექტორი, ასევე აკონტროლებენ [არსებობს ჟურნალი და ელექტრონული ჟურნალი, რომლებშიც კეთდება ჩანაწერები] და ხელს აწერენ სასწავლო დეპარტამენტში, ვისთანაც ეს პროფესორია; ასევე ფაკულტეტზე და შემდეგ მიდის დოკუმენტი საფინანსო დეპარტამენტში“.

აუდიტის რეკომენდაციაა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ „გაატაროს ქმედითი ღონისძიებები აკადემიური საბჭოს დადგენილებით და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის სააუდიტორო და არასააუდიტორო დატვირთვის ფაქტობრივად შესრულების შესაბამისობაზე“.

„აუდიტის რეკომენდაციებს აუცილებლად გავითვალისწინებთ, რა და როგორ გავაკეთოთ. ამ კონკრეტულ საათებთან დაკავშირებით კი ახლა გადავხედავთ, ფაკულტეტები წარმოადგენენ დასკვნას – რომ ნამდვილად ჩაატარა ლექტორმა და გასცეთ ანაზღაურება. ჩვენ აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით მოვამზადებთ პასუხსაც,“ – აცხადებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ შეიმუშაონ ახალი რეგულაცია და როცა თვე დამთავრდება, ჩატარებულ საათებზე ავტომატურად ჩაურიცხონ თანხა ლექტორებს და არ დაეკითხონ მათ, თუ როდის უნდათ აიღონ ანაზღაურება.

„არსებული წესი არის ხარვეზი და ამ ხარვეზს გამოვასწორებთ. აგვისტოში მოვამზადებთ რეგულაციის პროექტებს, წარვუდგენთ აკადემიურ საბჭოს და სექტემბრიდან გვექნება გამართული სისტემა,“ – აცხადებს ჯემალ ანანიძე.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2016-2017 სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტმა ხელფასებში, ჯამში, 9 მილიონ 86 ათას 388 ლარი დახარჯა.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები