ბულვარში იასონ გორდეზიანის ქანდაკებას დადგამენ

ბათუმის ბულვარში ცნობილი მებაღე-დეკორატორის, იასონ გორდეზიანის ბრინჯაოს ქანდაკება დაიდგმება. მთლიანობაში ძეგლისთვის [განთავსების ჩათვლით] მაქსიმუმ 130 ათასი ლარია გათვალისწინებული. ძეგლისთვის შერჩეულია სავარაუდო მდებარეობაც – ის ბულვარის კოლონადების გვერდით [მარცხნივ] განთავსდება.

ბულვარის ტერიტორიაზე იასონ გორდეზიანის საპარკე ქანდაკების საუკეთესო ესკიზის გამოვლენასა და მის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 4200 ლარი გამოყო.

ესკიზს და შესაბამის ხარჯთაღრიცხვას ბულვარი ტენდერის საშუალებით შეისყიდის. ტენდერი გამოცხადებულია და მიმდინარე წლის 24 აგვისტოს დასრულდება. ესკიზი და ხარჯთაღრიცხვა კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში მზად უნდა იყოს. ამის შემდეგ ბულვარი ძეგლის ჩამოსხმა-განთავსებაზე გამოაცხადებს ტენდერს.

ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია:

  • ცნობილი მებაღე-დეკორატორის იასონ გორდეზიანის ქანდაკების ესკიზი უნდა იყოს შთამბეჭდავი,
    ორიგინალური, მიმზიდველი და ადვილად აღქმადი;
  • საპარკე ქანდაკების ესკიზი უნდა წარმოადგენდეს სივრცით კომპოზიციას, მასშტაბის
    თვალსაზრისით არ უნდა იყოს კამერული ხასიათის, აღქმის წერტილები უნდა შეირჩეს განთავსების
    ადგილის გეგმარებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპოზიციის შერჩევისას ანგარიში უნდა
    გაეწიოს მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას, შენობა-ნაგებობებს და სხვა;
  • საპარკე ქანდაკების ესკიზი გადაწყვეტილი უნდა იყოს თავისუფალი დიზაინის, სკულპტურულ- არქიტექტურული სინთეზის საშუალებით. გრაფიკული მასალების შესრულების მანერა თავისუფალი;
  • საპარკე ქანდაკების ესკიზი შესაძლებელია შესრულდეს ნებისმიერი სახვითი საშუალებით
    (3D ვიზუალიზაცია, ფანქარი, გუაში, შერეული ტექნიკა (სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში
    აგებული და სხვა);
  • ავტორმა უნდა წარმოადგინოს ესკიზის კომპიუტერული ვერსია.
  • წარმოდგენილ საპარკე ქანდაკების ესკიზს უნდა ქონდეს საინფორმაციო ადგილი სადაც
    განთავსდება ინფორმაცია იასონ გორდეზიანის მოღვაწეობის შესახებ. (ინფორმაციის ამსახველი
    ტექსტის მიწოდება მოხდება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ);
  • საპარკე ქანდაკება ჩამოსხმული უნდა იყოს ბრინჯაოში;
  • ქანდაკების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს
    130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარს
  • XIX საუკუნის ბოლოს ბათუმის ზღვისპირა პარკის [ბულვარის] ტერიტორია წყლით იყო დაფარული. 1881 წელს ზღვამ დაახლოებით 100 მეტრით უკან დაიხია და ამ პერიოდში გაჩნდა ზღვისპირა პარკის გაშენების იდეა. პარკის მოწყობას ცნობილი გერმანელი მებაღე რესლერი ჩაუდგა სათავეში და შეიმუშავა პარკის კეთილმოწყობის გეგმა.
  • დაწყებული საქმე არანაკლებ ცნობილმა მებაღემ, მიხეილ დალფონსმა გააგრძელა. პარკის განაშენიანებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა იასონ გორდეზიანი.

    1913 წელს კი, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაარსების ინიციატორ, მეცნიერ–გეოგრაფ ანდრეი კრასნოვის რეკომენდაციით იასონ გორდეზიანმა დაიკავა ბაღის უფროსი მებაღის თანამდებობა, სადაც 1925 წლამდე მსახურობდა.

    ბათუმის ბოტანიკური ბაღის 100 წლის იუბილესთან [2012 წელი] დაკავშირებით ბაღში იასონ გორდეზიანის ძეგლი უნდა გახსნილიყო, თუმცა „ბოტანიკურ ბაღში“ გვითხრეს, რომ „გაურკვეველი მიზეზების გამო ძეგლი დღემდე არ გახსნილა… ბაღში გვაქვს იასონ გორდეზიანის სახელობის სკვერი“.

     

სხვა ვიდეოები