ჭავჭავაძის ქუჩაზე [თბილისის მოედნიდან „ბათუმი პლაზამდე“] ტროტუარი და მოაჯირი მოეწყობა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე [თბილისის მოედნიდან „ბათუმი პლაზამდე“ მონაკვეთში] ტროტუარის შეკეთებისთვის ბათუმის მერიას 94 978 ლარი აქვს გათვალისწინებული. ქუჩის ამ მონაკვეთში ტროტუარი მხოლოდ ერთ, „პლაზას“ მხარეს [ჭავჭავაძის N7-დან N15-მდე] შეკეთდება.

გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ტროტუარზე დაიგება გრანიტის ტიპის დეკორატიული ფილები, მოეწყობა რკინის დეკორატიული მოაჯირები, ასევე ზებრა გადასასვლელებთან ტროტუარზე ეტლით ასასვლელები შშმ პირთათვის.

სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში. ტენდერი 2017 წლის 13 სექტემბერს დასრულდება.

ჭავჭავაძის ქუჩაზე, ხელახლა მოსაწყობი ტროტუარის გაგრძელებაზე – „ბათუმი პლაზადან“ გოგებაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში – ზებრა გადასასვლელები ისეა დახაზული, რომ  გზიდან ტროტუარზე და პირიქით, ქვეითი ვერანაირად ვერ მოხვდება, თუ მოძრაობისა და, შესაბამისად, უსაფრთხოების წესებს არ დაარღვევს.

ქალაქში ბევრ ადგილზეა საჭირო „შემოვლითი გზა“, რათა ტროტუარზე გახვიდე ზებრადან. გადასასვლელები ბევრ ადგილზე არ არის ადაპტირებული ეტლით მოსარგებლეებისთვისაც.

ბათუმში ზებრების დახაზვაზე პასუხისმგებელი მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტოა. სააგენტოს დირექტორმა, გიორგი ჩხეიძემ „ბათუმელებთან“ თქვა, რომ ამ პრობლემის შესახებ მან კარგად იცის, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავს: „თავისი სტანდარტი აქვს ზებრას… მაგრამ ისეა ქალაქი დაგეგმილი, ისეა ინფრასტრუქტურა, რომ სხვა საშუალებას არ იძლევა…“

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები