ციხე, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას ოჯახში დადიან, უფუნქციოდ რჩება

ციხეში, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას ოჯახში დადიან, აღარავინ მოხვდება. სისხლის სამართლის კოდექსში უკვე ამოქმედდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც თავისუფლების შეზღუდვას ვეღარ შეუფარდებს მოსამართლე რომელიმე მსჯავრდებულს. მსჯავრდებულებს, რომლებსაც თავისუფლების შეზღუდვა აქვთ დაწესებული, ერთ დაწესებულებაში იმყოფებიან. მათ შაბათ-კვირას გარეთ გამოსვლის, ასევე პროფესიის მიღების და დასაქმების საშუალება აქვთ.

თავისუფლების შეზღუდვის სპეციალურ დაწესებულებაში დღეს 33 პირი იხდის სასჯელს. შენობა 2014 წელს საზეიმოდ გაიხსნა. აქ მყოფ მსჯავრდებულებს არ ეზღუდებათ ციხის ტერიტორიაზე ერთმანეთთან კომუნიკაცია, გადაადგილება. ადგილზე მუშაობს სხვადასხვა პროფესიის, მათ შორის, ელექტრიკოსის, მომპირკეთებლის, ბუღალტრის, ან სტილისტის შემნსწავლელი კურსები. მსჯავრდებულებს აქვთ ადგილზე დასაქმების და ანაზღაურების მიღების შესაძლებლობაც.

თავისუფლების შეზღუდვის ნაცვლად, სასამართლომ შინაპატიმრობა უნდა გამოიყენოს, თუმცა, შინაპატიმრობა, როგორც სასჯელი სახე, 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

რაში გამოიყენებს ამ შენობას სასჯელაღსრულების სამინისტრო, როცა სასჯელს მოიხდიან მსჯავრდებულები, რომლებსაც თავისუფლების შეზღუდვა აქვთ შეფარდებული? – სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის, რა იქნება ამ შენობაში. „მუშაობს კომისია. ის მიიღებს გადაწყვეტილებას,“ – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები