ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობაზე შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდეს

კომპანიონი ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობაზე შესაძლოა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდეს. ცვლილებას “სისხლის სამართლის კოდექსი” და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი” ითვალისწინებს, რომლის ინიცირებაც პარლამენტში ცხოველთა უფლებადამცველმა არასამთვრობო ორგანიზაციებმა მოახდინეს.

 

კომპანიონი ცხოველის განმარტება – ცხოველი, რომელიც ადამიანს ჰყავს ესთეტიკური თუ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებენ სურსათის (მათ შორის, ხორცის, რძისა და კვერცხის), ბეწვის, ბუმბულის, ტყავის და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად.

კომპანიონი ცხოველების უფლებების დაცვის მიზნით შესაძლოა ცალკე კანონი შეიქმნას

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, დადგენილი სტანდარტების დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება მოხდება. 

კერძოდ, კომპანიონი ცხოველის ყოლის წესების დარღვევა და მისთვის არაკეთილსაიმედო საარსებო პირობების შექმნა გამოიწვევს 200 ლარიან ჯარიმას.

ძაღლების, დეკორატიული ჯიშის გარდა, გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში მოკლე საბელის ან საბელითა და ალიკაპის გარეშე, გამოიწვევს 50 ლარიან ჯარიმას.

კომპანიონი ცხოველის ჯილდოს სახით გადაცემაზე ჯარიმა 100 ლარი იქნება.

კომპანიონი ცხოველის ტრანსპორტირების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

კომპანიონ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელი მოთხოვნების დარღვევაზე ჯარიმა 150 ლარი იქნება.

უმეთვალყურეო, უპატრონო კომპანიონი ცხოველების დაჭერისათვის დადგენილი წესების დარღვევა 150 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

კომპანიონი ცხოველის მოკვდინებისათვის დასაშვები წესების დარღვევისთვის პირი 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

კომპანიონ ცხოველთა საკვებად გამოყენება, მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება გამოიწვევს 200 ლარიან ჯარიმას.

კომპანიონ ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციისათვის აუცილებელი პირობების დარღვევა გამოიწვევს 200 ლარიან ჯარიმას.

სანახაობებში, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში კომპანიონ ცხოველთა გამოყენებისას, ორგანიზატორთა მხრიდან მათი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

პირის საკუთრებაში 5 კომპანიონ ცხოველზე მეტი ყოლის შემთხვევაში, ასეთი პირის მიერ თავშესაფრის არ დარეგისტრირება ან/და თავშესაფრის მოწყობის სტანდარტების რეგულაციის დარღვევა გამოიწვევს 300 ლარიან ჯარიმას.

უსაფრთხოების ზომების მიღების გარეშე, კომპანიონი ცხოველების მონაწილეობით, მასობრივი ღონისძიებების ჩატარება საბავშვო მოედნებზე, სკოლამდელ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

ისეთი გამოფენების, დემონსტრაციების, რეკლამების, გასართობი შოუებისა და კონკურსების მოწყობა, აგრეთვე ფილმების გადაღება, კომპანიონ ცხოველთა მონაწილეობით, რომლებიც შეიცავს ძალადობის ელემენტებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

თავშესაფრის მოწყობის სტანდარტების დარღვევაზე ჯარიმა 500 ლარი იქნება.

გარეული ცხოველების შეჯვარება კომპანიონ ცხოველებთან, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

გენეტური სნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების მქონე გენეტიკურად არასრულფასოვანი კომპანიონი ცხოველების გამრავლებაზე ჯარიმა 1000 ლარი იქნება.

აღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმები გაორმაგდება.

რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, კომპანიონ ცხოველებზე ექსპერიმენტებისა და ქირურგიული ოპერაციების ჩატარება ვეტერინარის დანიშნულების გარეშე დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

კომპანიონი ცხოველის რიტუალური მოკვლა ან/და მსხვერპლშეწირვა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე. ისეთ ქმედებაზე, რომელიც მიმართული იქნება კომპანიონი ცხოველის კონკრეტული სახეობის განადგურებისგენ, სასჯელი იქნება ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა ვადით 3 წლამდე. თუ კომპანიონი ცხოველის გაუმართლებელი მოკვლა ჩადენილი იქნება ჯგუფურად, არაერთგზის, მცირეწლოვანის თანდასწრებით, სასჯელი იქნება ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან 4 წლამდე.

ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გადაღება და გავრცელება ან მათი შენახვა შემდგომში მათი გავრცელების მიზნით, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.

თუ პირი ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით ფულს აიღებს, ასევე მის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობას გამოიყენებს ორთაბრძოლების მოსაწყობად ან სხვას დართავს ნებას, დაისჯება ჯჯარიმით და 2 წლიანი პატიმრობით.

ცხოველთა ორთაბრძოლის ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 3 წლამდე.

საკუთარი ან სხვისი ცხოველით ცხოველთა ორთაბრძოლებში მონაწილეობა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ამ ინიციატივას გაიზიარებს და დაამტკიცებს, ცვლილებები ძალაში 2018 წლის 1-ლი სექტმბრიდან შევა. 

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები