დაკეტილი მაღაზიები ქემალ ფაშაში

იამზე შანიძე 12 წელია ყოველ დილა-საღამოს კვეთს თურქეთ – საქართველოს საზღვარს. 8 წელია იმავე გზას გადის ეკა შანიძეც. ორივე თურქეთის ქალაქ ქემალ ფაშაში მდებარე ბაზრობაზე მუშაობს, ტანსაცმელსა და თეთრეულს ყიდიან. დღეს ქართველები, რომლებიც ქემალ ფაშაში მუშაობენ, სამუშაოს ნაცვლად საპროტესტო აქციაზე იდგნენ სარფში. სწორედ ამიტომ ქემალ ფაშაში მაღაზიები დაკეტილია.

დღეს, 16 იანვარს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან იამზე და ეკა იმ ათეულობით ქართველთან ერთად იდგნენ, რომლებმიც თურქული მხარის მიერ  საზღვრის კვეთის შეცვლილ რეგულაციებს აპროტესტებდნენ.
2018 წლის პირველი იანვრიდან შეცვლილმა საზღვრის კვეთის წესმა მათ  სამუშაო პირობები გაურთულა.

„ყველას ურთულდება ყველაფერი. ჩვენს ხელფასზე ჩვენი ოჯახებია დამოკიდებული. ამ ცვლილებით ჩვენ ხომ უმუშევარი ვრჩებით სამი თვის შემდეგ. იქ დამსაქმებლებსაც აწყობთ ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ვმუშაობდეთ. ქემალ ფაშაში მყიდველი ძირითადად საქართველოდან გადადის. სხვადასხვა ქალაქის ბაზრობაზე, იქ შეძენილი საქონელი იყიდება. ქართულენოვანი გამყიდველი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – ამბობენ ისინი.აქცია სარფში შეწყდა. მოქალაქეები ქართულ-თურქული მოლაპარაკებების შედეგს ელოდებიან.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და თურქეთის რესპუბლიკის კონსულთან, მაქბულე ქოჩაკთან ერთად  თურქეთშია  და ართვინის გუბერნატორს ხვდება.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები