დილის 6 საათიდან, 30 წელი ხალხის სამსახურში – 74 წლის ხულოელი მეეზოვის ისტორია

დაბა ხულოში მცხოვრებ ციალა მელაძისთვის დილა 6:00 საათიდან იწყება. 74 წლის ქალბატონი, ამინდის მიუხედავად, უკვე 30 წელია დაბა ხულოს დასუფთავებაზე ზრუნავს.

როგორც ციალა მელაძე “აიპრესთან” ჰყვება, სანამ მეეზოვედ დაიწყებდა მუშაობას, მანამდე არაერთი სამუშაო გამოიცვალა, თუმცა, ბოლოს შემცირებაში მოხვდა და იქიდანაც წამოსვლა მოუწია.

მელაძე ამბობს, რომ ეს ის სამუშაოა, რომლითაც ოჯახს არჩენს. თავადაც დიაბეტით დაავადებულს, შვილებიც შეზღუდული შესაძლებლობის ჰყავს.

ციალა მელაძე “აიპრესთან” საზოგადოების მისდამი დამოკიდებულებასა და სიყვარულზე საუბრობს, რასაც მის შრომისმოყვარეობას უკავშირებს. როგორც თვითონ ამბობს, იმას კი არაქვს მნიშვნელობა თუ რა თანამდებობა გიკავია, არამედ იმას, თუ როგორ ასრულებ შენს სამუშაოს.

„მთელი ცხოვრება სხვადასხვა დაწესებულებაში ვმუშაობდი, თუმცა საბოლოოდ შემცირებაში მოვხვდი და ბოლოს დაბა ხულოში მეეზოვედ მუშაობა დავიწყე. აქ, თვდაპირველად ჩემი ქმარი მუშაობდა, შემდეგ კი მე დავიწყე. დიაბეტი მაქვს, თუმცა მაინც ვმუშაობ. ჩემთვის ეს საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით შემაქვს ოჯახში ფული. ვფიქრობ, რომ არც ერთი სამუშაო არაა სამარცხვინო, როცა ფულს პატიოსნური შრომით მოიპოვებ. იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა თანამდებობა გიკავია, არამედ, იმას თუ როგორ ასრულებ შენს სამუშაოს. მიხარია ისიც, რომ ხალხი მაფასებს, პატივს მცემს, ეს კი ჩემმა შრომამ და საქმიანობამ გამოიწვია“,- განაცხადა ციალა მელაძემ.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები