”ენერგო-პრო ჯორჯია”: მომავალი წლიდან ოცნების ქალაქში მშენებლობა იგეგმება

„ენერგო-პრო ჯორჯია“  მომავალი წლიდან  ე.წ. ოცნების ქალაქში ქვესადგურის მშენებლობას იწყებს. თვითნებურად შესახლებულებმა კი აღნიშნული  ტერიტორია უნდა გაათავისუფლონ – ასე უპასუხეს თვითნებურად შესახლებულებს კომპანიის წარმომადგენლებმა.

ხელვაჩაურში, ყოფილი 25-ე სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე 300-მდე მცხოვრებ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ, უსახლკარო, მარტოხელა, მარჩენალ-დაკარგული და სხვა სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებმა მიმდინარე წლის 18 იანვარს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვდნენ,  რომ ელექტროენერგიით მათი უზრუნველყოფა შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოხდეს.

ამ დროისთვის აქ მცხოვრებლებს, სადენები კუსტარულად აქვთ მოწყობილი, რაც მათი თქმით, საფრთხის შემცველია. ისინი სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას და ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებასაც ითხოვდნენ.

‘’ჩვენ არ ვართ ქვეყნის ენერგო სისტემის განვითარების წინააღმდეგი, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ხალხის დაზარალების ხარჯზე. როცა „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ეს ტერიტორია შეისყიდა, გამყიველმაცდა მყიდველმაც იცოდა, რომ აქ ათეულობით ოჯახი უკვე ცხოვრობდა, სხვადასხვა პრობლემებით. ამიტომ, ხელისუფლებამ და ენერგოკომპანიამ ერთდროულად უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობა, ანუ, ტერიტორიას თვითნებურად შესახლებულები მას შემდეგ გაათავისუფლებენ, როცა ხალხის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება’’ – აცხადებენ თვითნებურად შესახლებულები.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ხელისუფლებას და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ურჩევს ერთად გამონახონ გზა და მოსახლეობის პრობლემები გადაჭრან. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა ტერიტორიას არ გაათავისუფლებს.
‘’ თუ გამოსახლებას ძალისმიერი მეთოდებით შეეცდებიან, ამ შემთხვევაში რეგიონში სოციალური აფეთქება გარდაუვალი იქნება. ყოფილ 25-ე ბატალიონს სოლიდარობას გამოუცხადებს ყველა თვითნებურად შესახლებული ოჯახები, მათ შორის ყოფილ 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრები, რაც მთლიანობაში 3 ათას ოჯახზე მეტია. არ გამოვრიცხავ მათ სხვა სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებიც შეუერთდნენ. საბოლოო ჯამში რა შედეგს მივიღებთ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს’’ – აცხადებს უფლებადამცველი.

დღეს 15 საათზე და 15 წუთზე  საპასუხო საპროტესტო აქცია ყოფილი 25 -ე სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზეა დაანონსებული.

’ოცნების ქალაქთან’’ დაკავშირებით რეგიონის მთავრობა ახალი სტრატეგიით მუშაობას აპირებს. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან  ზურაბ პატარაძემ დაახლოებით ერთი თვის წინ ისაუბრა. რეგიონის პირველ პირს იმედი აქვს, რომ ბიუჯეტში არსებული თანხებითა და სამინისტროებში არსებული პროგრამებით ოჯახების დაკმაყოფილებას შეძლებენ.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები