“ენმ-ის” ბათუმის ორგანიზაცია სუს-ს აქციის მონაწილეებისთვის პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს

პარტიის პრესცენტრის ინფორმაციით,  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გიორგი დიასამიძეს ტურისტმა ფიზიკური შეურცხყოფა მიაყენა.

დაშავებულს ჯერ კლინიკაში სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა. მას სამმართველოში ახლდა ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, მირდატ ქამადაძე. ოპოზიციის წევრი ტურისტის მიერ თავდასხმას გამორიცხავს და ვარაუდობს, რომ ადგილი ჰქონდა სუსის მხრიდან პროვოკაციას.

მისივე განმარტებით,  დიასამიძე თანაპარტიელებთან ერთად ოფისიდან ავტომობილით გამოვიდა და შეკვეთილში ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.

საკრებულოს დეპუტატი გიორგი დიასამიძის მონათხრობზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თავდამსმელი რუსულად საუბრობდა, თუმცა ქართული ნომრებიანი ავტომობილით გადაადგილდებოდა, მისი პარტიის წევრების ავტომობილს კი მიზანმიმართული პროვოკაცია მოუწყო, რის შემდეგაც თავის არეში მუშტის დარტყმით ნახეთქი ჭრილობაც მიაყენა: „ოფისიდან გამოვიდნენ და მანქანით გადაადგილდებოდნენ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, შეკვეთილში მიდიოდნენ პარტიის წევრები აქციის გასამართად. ყირამალასთან ვიღაცამ მანქანა ჩაუყენა, ოღონდ ქართული ნომრებით იყო. რუსულად ლაპარაკობდა, მარა არამგონია ტურისტი ყოფილიყო. მოხდა დაპირისპირება, მივიდა ის ბიჭი და მუშტი ჩაარტყა შუბლის არეში. არამგონია ბლაგვი საგანი ჰქონოდა ხელში, მარა ჭრილობა დიდი აქვს, შესიებული და დალურჯებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო სუსის პროვოკაცია, რადგან იციან რომ მინივენი შეკვეთილში მიდიოდა აქციაზე. მტკიცებულება არ გვაქვს, მაგრამ გამოძიებამ უნდა დაადგინოს რომ ეს არ ყოფილა სუსის პროვოკაცია” – განუცხადა “აიპრესს” მირდატ ქამადაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობით თავდამსხმელი ესტონეთის მოქალაქეა

სხვა ვიდეოები