ერთადერთი მენტორ-მასწავლებელი აჭარაში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლის მენტორმასწავლებელი ხათუნა ხალვაში 23 წელია ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის სკოლაში. არის განათლების დოქტორი და უნივერსიტეტში კითხულობს  საგნის სწავლების მეთოდიკას. როგორც დოქტორი და სერტიფიცირებული მასწავლებელი, სქემაში წამყვანის სტატუსით ჩაერთო. ორ წელიწადში განახორციელა სავალდებულო და დამატებითი აქტივობები.

„სულ 32 კრედიტი დავაგროვე, მაგრამ ჩემი თვითმიზანი კრედიტების დაგროვება არ ყოფილა, ვემსახურები ჩემს საყვარელ საქმეს. გზა მენტორობამდე იყო საკმაოდ რთული, მაგრამ მიღწევადი და ეს იყო ჩემთვის მთავარი გამოწვევა.

მეამაყება, რომ უმაღლეს საფეხურს მივაღწიე, მიხარია, რომ მასწავლებლის შრომა ფასდება. მენტორობა მავალებს გავაგრძელო ჩემი საყვარელი საქმე მეტი შემართებით, ვასწავლო და ვისწავლო“, – ამბობს ხათუნა ხალვაში.

კითხვაზე რამდენად რთულია რეგიონში მასწავლებლობა და რა გამოწვევები დგას იქ პედაგოგების წინაშე, გვპასუხობს, რომ უმჯობესი იქნება თუ ინტერნეტის სიხშირე გაუმჯობესდება.

„ჩვენი სკოლა ქალაქისა და სოფლის საზღვარზეა (ბათუმის ვიყავით და ბოლო წლებია ხელვაჩაურის გავხდით), ასე რომ მწვავედ ხელმისაწვდომობის პრობლემა არ დგას, თუმცა ვისურვებდი ინტერნეტის საკმარის სიხშირეს ონლაინ რეჟიმზე დაფუძნებული აქტივობების ინტენსიურად გამოსაყენებლად.

სკოლა პანსიონის მომსახურებით მუშაობს და ჩვენს მოსწავლეებს განსაკუთრებული სიყვარული და მოფერება სჭირდება, სწორედ ეგ არის სკოლის თავისებურება, მასწავლებლის გამოწვევა. მომწონს, რომ ჩემს აღსაზრდელებსა და კოლეგებს ვუნაწილებ სიყვარულს, ცოდნასა და გამოცდილებას“, – ამბობს ხათუნა ხალვაში.

წყარო:”edu.aris.ge”

სხვა ვიდეოები