„ეს მტვერი კი არა კვამლია“ – მაჭახლის ხეობასთან მოსახლეობამ გზა გადაკეტა

სოფელ მაჭახლისპირში ადგილობრივმა მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები გზაზე ასფალტის საფარის დაგებას ითხოვენ. აქ კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ მდინარე ჭოროხზე ჰესს აშენებს.

„ასფალტის დაგებას ვითხოვთ, რომ მტვერში არ დავიხრჩოთ. ჩვენი ფილტვები, რომ გავესინჯოთ, ჯანმრთელი არცერთის არ იქნება. ყველას გვახველებს. ეს მტვერი კი არა კვამლია… მორწყეს დღეს, წავიდნენ, გაშრა და ამტვერდა ისევ. ახლა გზა რომ გადავკეტეთ, ისევ მანქანა გამოუშვეს კომპანიიდან მოსარწყავად. 2 საათზე მეტია გზა გადაკეტილია და არავინ ჩანს, პატრონი არ გვყავს… მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანას ვატარებთ“ – უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მერი წულუკიძემ „ბათუმელებს“.

„აქაური ვარ, ბავშვებით ვართ გამოსული, შიათ და ვის ვუცადოთ? გამგებელს? სადამდე?“ – ამბობს აქციის მონაწილე მამაკაცი.

„ერთი ღამე ჩვენთან სოფელში უნდა გაათიოთ და მაშინ მიხვდებით სად ვართ და რა დღეში ვართ. რას აპირებს – სახელმწიფოს კითხეთ. ჩვენ რას ვაპირებთ – ერთხელ გადავკეტეთ და გააკეთეს გზა, მაგრამ ცემენტი დააგეს… მისჯილი გვაქ რამე? რამე დავაშავეთ? “ – ამბობს ია ლორთქიფანიძე, რომელიც ასევე აქციის მონაწილეა.

„ახლა საარჩევნო შტაბში ვარ, გამგეობაში გადარეკეთ და ზუსტად გეტყვიან, თუმცა რამდენადაც მე ვიცი, ასფალტის დაგებას ითხოვენ. მაქ გზის გაკეთებისთვის თანხა აჭარის 2018 წლის ბიუჯეტშია რამდენადაც ვიცი ჩასმული. გზა მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი შეაკეთებს“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში ნადიმ ვარშანიძემ, ხელვაჩაურის გამგებელმა.

მოსახლეობის თქმით გზა 12 საათიდან გადაკეტილია, თუმცა მათთან არც ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან მისულან და არც აჭარის მთავრობიდან. ადგილზე მხოლოდ რამდენიმე პოლიციელია.

წყარო:”გაზეთი ბათუმელები”

სხვა ვიდეოები