გაიზრდება თუ არა საჯარო მოხელის ხელფასი 2018 წელში

გაიზრდება თუ არა ხელფასები საჯარო სამსახურებში 2018 წლიდან? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ახალი კანონმდებლობის ამოქმედების შემთხვევაშიც კი,  ბიუჯეტების პროექტებში არსებული სახელფასო ფონდები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ხელფასები გაიზარდოს. თუმცა ჯერ არც ბიუჯეტებია დამტკიცებული და არც ის კანონი, რომელმაც ხელფასების ოდენობა და გაცემის წესი უნდა განსაზღვროს. დიდი ალბათობით საჯარო მოხელეებს არც დღეს არსებული ხელფასები შეუმცირდებათ.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული საბაზისო თანამდებობრივი სარგო – 1000 ლარი, გამრავლდება კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე და ეს იქნება საჯარო მოხელის ერთი თვის თანამდებობრივი სარგო, ანუ ერთი თვის ხელფასი.

ამავე კანონპროექტით, სახელმწიფო პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასის განსაზღვრის ეს წესი 2021 წლიდან ამოქმედდება. 2018-2020 წლებში კი, აღნიშნული თანამდებობის პირები აიღებენ იმდენივე ხელფასს [ყოველ შემთხვევაში არაუმეტესს], რამდენიც „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის ამოქმედების დროისთვის ექნებათ დადგენილი.

როგორ განისაზღვრება ხელფასები აჭარის მთავრობასა და სამინისტროებში

აჭარაში, კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარეს, მინისტრებსა და მინისტრის მოადგილეებს, მომავალ წელს ხელფასი ექნებათ იმდენი, რამდენიც კანონის მიღების დროისთვის.

მაგალითად, დღევანდელი მდგომარეობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასია 5792 ლარი თვეში [თანამდებობრივ სარგოს – 3 310 ლარს დამატებული დანამატი – 2 482 ლარი]; ანუ, მთავრობის თავმჯდომარე თვეში იღებს 4 633 ლარს ხელზე.

აჭარაში 4 მინისტრია. მათი ხელფასებიც იდენტურია – 4 760 ლარი [2 720 – სარგო, 2 040-დანამატი]. ანუ, თითოეული მინისტრი ხელზე თვეში 3 808 ლარს იღებს.

შრომის ანაზღაურების ახალი წესის დამტკიცების შემთხვევაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი შესაძლოა მაქსიმუმ 8 500 ლარით, ხოლო აჭარის მინისტრის – 6 000 ლარით განისაზღვროს [ხელზე შესაბამისად, 6 800 და 4 800 ლარი]. ამასთან, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტით მათ დანამატისა და ფულადი ჯილდოს [პრემიის] მიღებაც შეეძლებათ [ისინი დღეს პრემიებს არ იღებენ].

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის სამინისტროებში, თანამდებობების შესაბამისად, ხელფასებიც ერთნაირია. თუმცა, განსხვავებაა ერთსა და იმავე პოზიციაზე აჭარის მთავრობის აპარატში დასაქმებულ და სამინისტროში დასაქმებულ საჯარო მოხელეების ხელფასებს შორის.

მაგალითად, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის [დეპარტამენტის უფროსი] ხელფასი მთავრობის აპარატში არის 2 832 ლარი, ხოლო სამინისტროში – 2 464 ლარი [შესაბამისად, ხელზე ასაღები – 2 265 და 1 971 ლარი]. რაც შეეხება ყველაზე დაბალ თანამდებობას – მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი მთავრობის აპარატში ხელზე იღებს 712 ლარს, ხოლო სამინისტროში – 496 ლარს [პრემიების გარეშე].

ახალი კანონის დამტკიცების შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელფასი შესაძლოა განისაზღვროს მინიმუმ 1000 ლარიდან მაქსიმუმ 3 500 ლარის ფარგლებში, ხოლო მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ხელფასი – მინიმუმ 100 ლარიდან მაქსიმუმ 800 ლარის ფარგლებში. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ხელფასების დაანგარიშება 2018 წლისთვის თითოეულ დასაქმებულზე მოხდება იმგვარად, რომ ფაქტობრივად შენარჩუნდება დღეს არსებული ხელფასების ის ოდენობა, რაც მოიცავს თანამდებობრივ სარგოსა და დანამატს ერთად.


2018 წლის იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირები ხელფასთან ერთად დანამატსაც მიიღებენ და პრემიასაც, რომელსაც ფულადი ჯილდო დაერქმევა. თუმცა, დანამატი წლის განმავლობაში, ჯამში არ უნდა აღემატებოდეს წლიური თანამდებობრივი სარგოს 20%-ს, ხოლო ფულადი ჯილდო – 10%-ს.

2018 წლიდან საჯარო სამსახურებში შრომითი ხელშეკრულებით ხალხის დასაქმება, შესაძლოა შეიზღუდოს. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტი ზღუდავს საჯარო დაწესებულებებში შტატგარეშე, ანუ ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობას და აწესებს ზღვრულ ოდენობებს, თუ რამდენი შტატგარეშე თანამშრომლის აყვანის უფლება ექნება კონკრეტულ უწყებას.

პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების [მრჩეველი, თანაშემწე] რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტულ უწყებაში შტატით დასაქმებულთა რაოდენობის 10%-ს, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა [დამლაგებელი, მძღოლი, ექსპერტი, სპეციალისტი] რაოდენობა – შტატით დასაქმებულთა 5%-ს [ეს შეზღუდვა არ ვრცელდება წარმომადგენლობით ხელისუფლების ორგანოებში, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე].

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები