გამგებლის მოადგილე, სატყეოს თუ პოლიციის უფროსი? – შუახევის გამგებლობის სავარაუდო კანდიდატები

შუახევის გამგებლობის სავარაუდო კანდიდატებად “ქართული ოცნებიდან”, მოქმედი გამგებლის პირველი მოადგილე ავთანდილ დიასამიძე, ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის სატყეო უფროსის მოადგლე ანზორ გოგიტიძე, და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე სახელდებიან.

“აიპრესმა” გადაწყვიტა გაერკვია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები და მოლაპარაკებები. შუახევის გამგებლის პირველი მოადგილე ავთანდილ დიასამიძე „აიპრესთან“ განმარტავს, რომ სურვილი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე შეთავაზება არ აქვს.

“სურვილი და შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, არის თუმცა ამ ეტაპზე შემოთავაზება არ მქონია. ახლა ვინც არის გამგებლად, ბატონი ტარიელ ებრალიძეც კარგად მუშაობს. მე მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მას სადმე თუ მოუძებნიან შესაბამის ადგილს, მაშინ მე წინააღმდეგი არა ვარ, თუმცა პარტია რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მე იმ გადაწყვეტილებას დავემორჩილები.“

გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს ფრიდონ ფუტკარაძე. „ამ საკითხთნ დაკავშირებით თუ რამე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გაგაგებინებთ აუცილებლად, თუმცა ჯერჯერობით საკითხს ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ“- აცხადებს ფრიდონ ფუტკარაძე.

ანზორ გიგიტიძე „აიპრესთან“ განმარტავს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუმცა არც შემოთავაზება მიუღია. „ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის, არც შემოთავაზება მიმიღია“-განმარტა „აიპრესთან” ანზორ გოგიტიძემ.

აღნიშნულ საკითხს უარყოფს რამაზ ჯინჭარაძე. როგორც ის “აიპრესთან” აცხადებს, მსგავს საკითხზე მასთან არც საუბარი და არც შემოთავაზება ყოფილა.
“Ipress.ge”

სხვა ვიდეოები