განათლების მინისტრი ძალადობის მსხვერპლ მოზარდთან შეხვედრაზე: ყველა სკოლაში მივალ

აჭარის განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი, საქართველოს განათლების მინისტრის ინიციატივის – „მოვუსმინოთ ბავშვებს“ ფარგლებში, მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში წერია, რომ მინისტრმა „მოსწავლეებისგან მოისმინა, თუ რას ფიქრობენ სკოლებში ძალადობის მიზეზებზე და პრევენციაზე“.

„ბათუმელები“ ინგა შამილიშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, ხომ არ მოუსმენია იმ მოზარდისთვის, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ჟურნალ „ბათუმელებთან“  ისაუბრა სკოლაში რამდენიმე მოსწავლის მხრიდან მასზე ძალადობასა და ჩაგვრაზე.

„თანდათანობით და ყველა სკოლაში მივალ, აბსოლუტურად,“ – გვიპასუხა მინისტრმა.

რადგან არსებობს ჩაგვრის კონკრეტული ფაქტი, ხომ არ აპირებთ პირადად შეხვდეთ ბულინგის მსხვერპლ მოსწავლეს? – ისევ ვკითხეთ მინისტრს, რაზეც ინგა შამილიშვილმა გვიპასუხა, რომ „არც ეგ არ არის გამორიცხული“.

მინისტრი ამბობს, რომ ისინი მოსწავლეებს გეგმის მიხედვით ხვდებიან და  „ყველგან უცებ ვერ მივლენ“.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები