გივი დუმბაძეს უვადო პატიმრობა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა

საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 6 ივლისის განკარგულების თანახმად, შეწყალების აქტი უვადო პატიმრობაში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს შეეხო – განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებენ. გივი დუმბაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პრეზიდენტს ოფიციალური წერილით რამდენიმე წლის წინ მიმართეს, ისინი პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებული გივი დუმბაძის საქმის გადახედვას ითხოვდნენ. ორგანიზაციის წევრები მიიჩნევენ, რომ ქართველი სამხედრო წინა ხელისუფლების მმართველობის მსხვერპლს წარმოადგენს, ვინაიდან სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია.

“ოფიციალური ვერსიით, გივი დუმბაძე, 2008 წელს, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, მაშინდელი სოდ-ის თანამშრომლებმა დააკავეს და ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში შემოტანის მუხლით გაასამართლეს. დაკავების რეალური მიზეზი მდგომარეობდა, მის მიერ გენერალ რომან დუმბაძის ლიკვიდაციის დავალებაზე უარის გამო. სასამართლო სხდომები გამოყენებულ იქნა აღნიშნული დავალების სისრულეში მოყვანაზე თანხმობის მისაღებად, რაზედაც გივი დუმბაძე, მუდმივად უარს აცხადებდა” – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის წევრები ფიქრობენ, რომ შეუძლებელია ქართველი სამხედრო მოსამსახურისათვის თავისუფლების აღკვეთა კანონიერ საპატიმრო ვადად მიიჩნეოდეს. “საქმე უნდა დაექვემდებაროს დაუყოვნებლივ სრულ გადახედვას და სახელმწიფოს შესაბამისმა ინსტიტუციებმა მომავალში, რეალურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული კანონიერი გადაწყვეტილება მიიღონ” – წერენ „ახალგაზრდა ადვოკატები“.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები